logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში, უნდა დასრულდეს
- +

9 დეკემბერი. 2019. 20:29

 

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ინტერნეტჟურნალ „ველურ ბუნებას“ ინტერვიუ მისცა, სადაც აცხადებს, რომ  ადამიანსა და ბუნებას შორის ბალანსი დაირღვა და საჭირო არის ზომების მიღება.

 

ივანიშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიო იმდაგვარად უნდა განვითარდეს, რომ ბუნება შენარჩუნდეს.

 

საუკუნეების განმავლობაში ადამიანისა და ბუნების თანაცხოვრება თანაბარზომიერი იყო, ადამიანი სარგებლობდა ბუნებრივი რესურსებით, თუმცა ბუნების თვითაღდგენის უნარი არ ჩამორჩებოდა ადამიანის განვითარებას, ხოლო უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა, ბუნების არეალი და რესურსები კი პირიქით მცირდება. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ, შესაბამისად, წარმოების ზრდამ და ბუნებრივი რესურსების დიდი ოდენობით ათვისებამ, განსაკუთრებით დააყენა დღის წესრიგში ბუნების მოფრთხილებისა და მასზე ზრუნვის საკითხი. ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი და კაცობრიობა ამას თუ არ მიხედავს, მივიღებთ ახალი ტიპის კატასტროფას.

 

გასაგებია, რომ ცალკეული სახელმწიფოები ზრუნავენ, მათი ეკონომიკა გაიზარდოს და დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მათ შორის ჩვენც, მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს.

 

თანამედროვე მსოფლიოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება მომავალი თაობებისთვის და არსებობის კეთილდღეობა არ შევუზღუდოთ ადამიანს. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც დემოკრატიული საზოგადოების არსებობა წარმოუდგენელია“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ინტერვიუში ივანიშვილი ამაზონის ტყის ხანძარის შესახებაც საუბრობს.

 

ამაზონის ხანძრებმა დღეს, მთელი მსოფლიო შეძრა, ბევრი სახელმწიფო და ფიზიკური პირი ჩაერთო ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის ჩვენმა ოჯახმაც იაქტიურა, რათა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ტყის გადასარჩენად“ ,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

ამასთან, ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენაში.

 

მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ, აქტიური მონაწილეობა მივიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოებრივი აქტივობა მაღალი იყო, თუმცა სპეციალისტებმა თავშეკავება მირჩიეს“ ,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის 40 პროცენტი დაფარულია ტყით და ეს არის რესურსი, რომელსაც სწორად გამოყენება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

 

გასული წლების განმავლობაში უსისტემოდ ხდებოდა ტყის რესურსების ათვისება. სახელმწიფოს არ ჰქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ რესურსის სწორად ათვისებით. წლების განმავლობაში არ ხდებოდა ტყეებში არსებული რესურსის შესწავლა, არც მისი აღდგენა და დაცვა. ამგვარმა მიდგომებმა საკმაოდ დააზარალა სატყეო სექტორი, სრულიად მოიშალა ტყის მართვის სისტემა ქვეყანაში, არ ხდებოდა კონტროლი, თუ ვინ რა ოდენობის რესურსს იყენებდა და როგორი იყო ამის პარალელურად ჩვენი ტყეების თვითაღდგენის უნარი, შედეგად ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ამ მიმართულებით.

 

ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა ტყეზე ზრუნვა, თუმცა დიდი მიღწევებით ჩვენც ვერ დავიკვეხნით, რადგან ტყის ბარბაროსული ჭრა კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ გაძლიერებული კონტროლის გამო ხე-ტყის უკანონო ჭრის მასშტაბები შემცირებულია. სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევა არის საჭირო და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომლიდანაც უმთავრესი არის ტყის სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც შესაძლებელი გახდება ახალი სატყეო კოდექსის მიღებით, რომელსაც პარლამენტი იხილავს.

 

უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ვცდილობ მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს გასუფთავებას, თუმცა არსებული სოციულურ-ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში ეს ვერაფრით მოვახერხე, რადგან მოსახლეობის პრიორიტეტები განსხვავებულია. შესაბამისად, მხოლოდ ეკონომიკის განვითარების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განათლების ამაღლებით არის შესაძლებელი გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის აზრით, ეკონომიკური საქმიანობების გარეშე შეუძლებელია იმ საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც საზოგადოების ძირითადი სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.

 

აქედან გამომდინარე, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ჰიდროელექტროსადგურების აშენება, ასევე ბუნებრივი რესურსების მოპოვება.

 

თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს ისე, რომ  გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს.

 

აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს ყველა საქმიანობა, გარემოზე მისი მოსალოდნელი ზემოქმედება და თუკი შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ზიანი, ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების  წინასწარი შეფასებების საფუძველზე, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობითა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

სამწუხაროდ, დღეს ბევრი „ვაი პატრიოტი“ ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვიან ჰესების განვითარებას. მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება, თუმცა ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა, უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება პარალელურად თუ არ მოხდა სხვა ენერგიების განვითარება.

 

ენერგო დამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია და სწორედ მაგიტომ უწოდებ მე იმ ხალხს „ვაი პატრიოტებს“, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონდ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს და ამ კუთხით ჩვენმა მთავრობამ მეტი უნდა იმუშაოს ხალხის ინფორმირებისათვის.

 

ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავითავისოთ სწორი პროექტირების პრინციპები. ის, რაც მოხდა ბაკურიანის ან გუდაურის განვითარებისას, მოითხოვს სწორ ანალიზს და დაშვებული შეცდომების გააზრებას. აბასთუმანის შემთხვევაში ვცდილობთ, პროექტირებას მეტი დრო დავუთმოთ და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგზეც აისახება.

 

საქართველო არ არის მდიდარი ისეთი წიაღით, როგორიცაა მაგალითად, ნავთობი და გაზი, თუმცა რაც გაგვაჩნია, იმას უნდა რაციონალური გამოყენება, სწორი დაგეგმარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რათა წინასწარ იყოს დაგეგმილი იმ ადგილების რეაბილიტაცია/რეკულტივაცია, რაც წიაღის მოპოვების შემდგომ ისევ მოსახლეობის სამსახურში დააბრუნებს ამ მიწებს“ ,- აცხადებს ივანიშვილი.

 

ივანიშვილმა ქვეყანაში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში საკუთარ როლზეც ისაუბრა.

 

ზოგიერთებმა შეიძლება, ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია – ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი, ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ.

 

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას არის. ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ბატონ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დავდიოდით და ხეებს სწორედ ამ კუთხით ვარჩევდით.

 

შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“ ,- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები ადამიანების დაუფიქრებელი ქმედებების შედეგია.

 

თუ ჩვენ სათანადოდ არ მოვუვლით ჩვენს ბუნებას და გარემოს, სწორად არ ვიფიქრებთ  მის დაცვაზე, აღდგენაზე და მხოლოდ ორიენტირებულები ვიქნებით ბუნებით სარგებლობაზე, ეს ჩვენ თუ არა, ჩვენს მომავალ თაობებს აუცილებლად დააზარალებს“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალთან ინტერვიუში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner