მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ დღეს, ბევრი ვაი პატრიოტი ეწინააღმდეგება ყველანაირ მშენებლობას, განსაკუთრებული ძალისხმევით კი, ჰესების განვითარებას ებრძვიან და ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს.
მისი მოსაზრებით, საჭიროა მთავრობამ, ამ მიმართულებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მშენებლობებისას საჭიროა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი სწორი პროექტებით იხელმძღვანელონ, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედება.
„ის ბუნებრივი რესურსი, რომლითაც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა ისეთი განახლებადი ენერგია, როგორიცაა მზის და ქარის ენერგიაა, უნდა განვავითაროთ, მაგრამ ვერ მოხერხდება ბალანსის შენარჩუნება პარალელურად სხვა ენერგიები თუ არ განვითარდება”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია.
„სწორედ მაგიტომ ვუწოდებ იმ ხალხს ვაი პატრიოტებს, ვინც ყველაფერს აკეთებს ოღონ არაფერი აშენდეს. სამწუხაროდ, მათ ბევრი გულწრფელი მოქალაქე აიყოლიეს. გადავხედოთ ევროპული ქვეყნების გამოცდილებას, მაგალითად ნორვეგია ელექტრომომარაგების 99%-ს ჰიდრორესურსებით იღებს და მიუხედავად არც თუ ისე დიდი ტერიტორიისა, წამყვანი პოზიციები უჭირავს არამარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიო მასშტაბით. მოწინავე პოზიციებზე არიან დაახლოებით ჩვენი ზომის სხვა ევროპული ქვეყნებიც, როგორებიცაა შვეიცარია და ავსტრია“, - აცხადებს ბიძინა ივანიშივლი.
მისივე თქმით, იზრდება ეკონომიკა და შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება ენერიაზეც. ხელისუფლების ვალდებულებაა განავითაროს ამ მიმართულებით შესაძლებლობები. ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს და უნდა გავითავისოთ სწორი პროექტირების პრინციპები.