logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: „მთავარს“ გული უნდა დავწყვიტო...
- +

10 დეკემბერი. 2019. 13:23

 

 

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის ადვოკატად მე არ გამოვდგები, შეიძლება ითქვას, არც კი ვიცნობ, მაგრამ უახლოს ხანებში, როგორც კი ჩავალ, აუცილებლად შევხვდები და ვკითხავ, - როგორ შეიძინა 110 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა, როგორც ამის შესახებ „მთავარი არხის“ სიუჟეტი გვამცნობს. თუმცა, ჟურნალისტმა მხოლოდ 47 000 მ²-ის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია

 

9099 +6259+2626+2422+ 6461+13100+7078 = 47 045 მ²-ია. „მთავარის“ ჟურნალისტი ამბობს, ეს იმ მიწების მცირე ჩამონათვალია, სულ 110 000 მ² აქვსო. ის დანარჩენიც მოეყოლათ, თორემ 47 000-დან 100 ათასამდე ძალიან შორია. 1 ჰა = 10 000 მ².

 

მიწის შეძენას რაც შეეხება. იმ გლეხებმა, ყვარლის მერს რომ მიჰყიდეს მიწები, რატომ არაბს, თურქს, ჩინელს ან სულაც რუსს არ მიჰყიდეს? რატომ შეიძინა მერმა კახეთში მიწები და არ შეიძინა, მაგალითად შვეიცარიული ბანკის აქციები? ნეტავ, რად უნდა ის მიწები? მარტო ვერ მოუვლის, ე.ი. ადგილობრივი გლეხები უნდა დაასაქმოს. მონათმფლობელობა დიდი ხანია გადავარდნილია. ასე რომ, გლეხს უფასოდ ვერ აიყვანს, ფული უნდა გადაუხადოს, ხომ? ე.ი. სამუშაო ადგილები შექმნას... მიწა, რომელიც დიდი ალბათობით, პატრონმა იმიტომ გაყიდა, რომ ვერ ან არ ამუშავებდა, ახლა ტყუილად აღარ გაცდება, ალბათ, მაშ რისთვის იყიდა? 110 000 მ² მიწა, ხუმრობა ხომ არ არის, 550 000 ლარი, ანუ 0,5 მლნ ლარზე მეტია გადახდილი.

 

მოკლედ, ძალიან ადვოკატობა რომ არ გამომივიდეს, იმას მოვყვები, რაც ამ ზაფხულს ჩემი თვალით ვნახე გავაზშიც და ყვარლის რაიონის სხვა სოფლებშიც. გზების კეთილმოწყობა, სოფლებისთვის დიდი პრობლემაა, მაგრამ „მთავარს“ გული უნდა დავწყვიტო, იმიტომ, რომ გზები, რომლებიც „ნაციონალების“ დროს მინგრეულ-მონგრეულ-მითხრილ-მოთხრილი მახსოვს, წლეულს გაბიზინებულ-გასისინებული ვნახე. სოფლებს აქვს გაზი, აქვთ ელექტროენერგია 24-საათიან რეჟიმში, თანაც იმდენად დაბალია ტარიფი, რომ სერიოზულად დავფიქრდი, - სოფელში ხომ არ გადავიდე საცხოვრებლად-მეთქი. აქტიურად მიმდინარეობს სოფლების ინტერნეტიზაცია...

 

გზის მოასფალტების პრობლემა ჩემს სოფელსაც აწუხებს. მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებულიო, - ასე იცის სოფლის მოსახლეობამ და ელოდებიან. მანამდე, სოფელს აქვს სასმელი წყალი, ხევის და მდინარის კი არა, ათეულობით მეტრის სიღრმემდე ჩაბურღული, უშველებელი ცისტერნები დგას გავაზშიც და ახალსოფელშიც (სხვა სოფლებშიც ვნახე), ხალხი სუფთა, ევროსტანდარტის შესაბამისი სასმელი წყლით მარაგდება, ელექტროენერგიის ხარჯს კი, ბიუჯეტი ფარავს. მოსახლეობას იმასაც სთავაზობენ, ონკანებში შემოგიყვანთ ამ წყალს, ოღონდ ძალიან მოუფრთხილდით, სარწყავად ნუ გამოიყენებთო. ბაღჩა-ბოსტნების მორწყვა ხევის წყლითაც არის შესაძლებელი, რომელიც ონკანებში 24 საათის განმავლობაში მოედინება.

 

მოკლედ, რის თქმა მინდა. ქოთანს ყურს სადაც გვინდა მოვაბათ, დემაგოგია უხვად იღვრება ტელეეთერიდან, რისი მიზანიც არის დაძაბულობის კერების უკვე ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში შექმნა, არეულობის შემოტანა...

 

სოფელს პრობლემებს რა გამოულევს, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს იქ, რომლის შესახებაც აუცილებლად დავწერ და მოგიყვებით დრო და დრო. ერთი რამ ვიცი, წლეულს კახეთში იმდენი საქმე იყო, მუშახელი დასავლეთ საქართველოდან ჩადიოდა. თითო მუშას დღეში, 35-40 ლარს უხდიდნენ. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სოფლის ბირჟაზე კაცის ჭაჭანებას ვერ ნახავთ. ვისაც შრომა უყვარს, ყველა საქმეშია თავჩარგული. სახლში სახურავის შეკეთება გვინდოდა და ხელოსანს იმდენი საქმე ჰქონდა, რიგში ჩავეწერეთ და როგორც იქნა მოიცალა ჩვენთვისაც.

 

ყვარლის მერს, როსტომ სესიაშვილს რაც შეეხება, ვურჩევ, როცა ჟურნალისტი მოდის, კი არ უნდა დაიმალო, უნდა შეხვდე და კითხვებზე გააზრებულად უპასუხო, თორემ დამალული მერი სუსტი მერია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner