„ალექსანდრე ერქვანიასგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი, მით უმეტეს, როგორც ვიცი, ღვთისმოსავი კაცია“,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უმრავლესობიდან წასულ ალექსანდრე ერქვანიას მიერ პლენარულ სესიაზე გაკეთებულ განცხადებებს.
გიორგი ვოლსკის შეფასებით, ალექსანდრე ერქვანიას ბრალდებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
„მე არ მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ერქვანიას წასვლა არის კრიზისი, როგორც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ რატომღაც, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანს თავის გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა აქვს. თუმცა, მთავარი ეს არ არის, მთავარია, ის კომენტარები, რაც მან გააკეთა და ბრალდებები უმრავლესობის მიმართ არათუ უსაფუძვლოა, არამედ, ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ტოვებს როგორც პარტია „ქართულ ოცნებას“, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას. დეპუტატმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, ასევე ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზე ისაუბრა.
„ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა“, - განაცხადა ერქვანიამ.