ამერიკის შეერთებული შტატები გაზაფხულზე ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ამერიკელმა გენერალ-მაიორმა, ბერი სიგუინმა განუცხადა, რომელიც ბელგიაში ნატო-ს სამხედრო შტაბში მოკავშირეთა ოპერაციების ხელმძღვანელია.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ევროპაში აშშ-ის ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება იქნება. წვრთნის ცენტრი გერმანია იქნება. 2020 წლის აპრილსა და მაისში აშშ-დან ევროპაში 20 ათას ამერიკელ სამხედროს ჩაიყვანენ. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, აშშ-ის შეიარაღებული ძალები ატლანტიკის ოკეანის გავლით ბელგიასა და ნიდერლანდებში სამხედროების ტრანსპორტირებისა და გერმანიის გავლით მათი პოლონეთსა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე სწრაფი გადასროლის უნარს გამოცდის.
აშშ-დან ჩაყვანილი სამხედრო შენაერთები შეუერთდებიან უკვე ევროპაში დისლოცირებულ ამერიკულ ძალებსა და ნატო-ს მოკავშირეების შენაერთებს.
დაგეგმილ წვრთნაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 37 ათასს მიაღწევს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, მასშტაბური წვრთნის მიზანი რუსეთის გაფრთხილებაა, რომ ყირიმის ანექსიის მსგავსი ქმედებები არ გაიმეოროს.