გასაოცარი ქვეყანაა საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ჩვენს სამშობლოში გაჩნდა ახალი პროფესია „სახელმწიფო გადამტრიალებლები“. საქმე შემდეგშია, ადამიანთა ჯგუფები უკვე დინასტიებად ქცეულნი აგერ უკვე 28 წელიწადია სიძულვილით გამსჭვალულნი ქართული სახელმწიფოს მიმართ გარე თუ შიდა ძალების დაფინანსების მეშვეობით, ერთი მეორის მიყოლებით ახერხებენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებების ჩამოგდებას. შემდეგ კი იწყება ამ პატარა ქვეყანაში განუკითხაობები.
გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ჯერ კიდევ პირველი ეროვნული ხელისუფლებისადმი მიმართ გავეშებული იდეოლოგიური ბრძოლა - „ჯერ დემოკრატია, შემდეგ თავისუფლება“ და აკრიახდა მთელი იმდროინდელი „წითელი ინტელიგენცია“, რომელსაც არ უნდოდა საკუთარი პრივილეგიების დაკარგვა. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო მოსკოვში პატრონებთან სირბილი თხოვნით - ჩამოგვაგდებინეთ დიქტატორი გამსახურდია, რომელიც ლახავს ადამიანის უფლებებს, გვტანჯავს და გვჩაგრავსო. ჰოი საოცრებავ, მათ რიგებს დაემატა მაშინ საქართველოში ძალიან პოპულარული და ეროვნულობით ცნობილი პარტია, რომლის დემოკრატობით განთქმულმა ლიდერმა ქალბატონმა ცოტა მოგვიანებით „გასაოცარი დემოკრატია“ გამოავლინა და ფილარმონიაში გამართულ „დემოკრატების“ თავყრილობაზე არაორაზროვნად და კატეგორიულად მოითხოვა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის დაუყოვნებლივი ლიკვიდაცია, რასაც დარბაზში მყოფ იმავე ხალხის ქონებაზე თვალდაქაჩულთა ოვაციები მოჰყვა.
მერე იყო ის, რომ ამ ლობიონაჭამმა „დემოკრატებმა“ აიღეს ქვეყნის მმართველობა ძალადობრივი გზით ხელში და „დახვრიტეს“ მართლაც არაერთი მშვიდობიანი მიტინგი, დააქციეს, გაანადგურეს და იავარქმნეს ქვეყანა. მათმა სუბიექტურ ქმედებებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების-აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვის პროცესის დაწყებაში.
საყაენოდან საქართველოში მოვლენილმა შევარდნაძემ და მისმა პოსტკომუნისტურმა, მაგრამ კომუნისტურად მოაზროვნე არმადამ თითქოსდა შეძლო ვითარების დესტაბილიზება, რომ ე.წ. „ახალგაზრდა რეფორმატორებს“ მადა გაეხსნათ და დაიწყო ქვეყნის ხელახლა არევის და დაქცევის პროცესი. მიზეზი იყო შემდეგი განაწილებული ქონების ხელახალი გადანაწილების და დატაცების პროცესი. უმალ საქმეში ჩაერთვნენ უკვე ნაცადი გადამტრიალებლები ახლებთან ერთად, რომელთაც იმდენი არ შეხვდა პირველი გადატრიალებიდან რამდენიც სურდათ. ამჯერად კარგად იცოდნენ ახალი რევოლუციის პატრონებმა და დამფინანსებლებმა, რომ ასე ადვილად ტყვიის სროლა ვერ გაუვიდოდათ და გამოიგონეს ე. წ. მშვიდობიანი „ვარდების რევოლუცია“, რომელიც, რაც მართალია, მართალია, იმ დროს მოკლე პერიოდში მშვიდობიანად განხორციელდა, მაგრამ მან შემდეგში იმდენი სისხლი მოიტანა, რომ... „დღემდე მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს“.
ხელისუფლებაში დემოკრატიის სახელით მოსულმა ე.წ. „დემოკრატ-რეფორმატორებმა“ ისევ დემოკრატიის სახელით იწყეს დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ გათელვა და მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა, რომელი ერთი ჩამოვთვალო თუმცა, მათგან მაინც „გამორჩეულია“ 7 ნოემბერი და 26 მაისი.
„სისხლიანი დემოკრატიით“ გაჯერებული ხელისუფლება წარბისდაუხამხამებლად არჩევნებს ერთი მეორეზე მიყოლებით აყალბებდა და ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად.
მიუხედავად ამისა თბილისში მაინც ტარდებოდა 100, 200, 300 ათასიანი მიტინგები, რომლის მონაწილეთაგან იმ უმძიმეს წლებში ერთსაც კი არ მოსვლია თავში ხიდან ფოთლის მოწყვეტაც კი. ასეთ ქმედებათა გამო „სისხლოსანი“ ხელისუფლება მომიტინგეებს კიდევაც დასცინოდა.
„სისხლოსნები“ ქვეყნის ადგილობრივ მოსახლეობასთან იყვნენ ძალადობაში გულმაგრები, თორემ ისე... როგორც კი დაიწყო ომი კრემლმა, უკვე „პროფესიონალი გადამტრიალები“ ახლა უკვე ქცეულნი მათი ბელადიანად „შიშნოსებად“, ოჯახებით აიყარნენ და წითელ ხიდთან საზღვარზე ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ თხებივით და თანაც ქვეყნიდან ნაძარცვის გატანას ლამობდნენ.
ამ ბაკქანალიის შემდეგ დაბრუნებულებს ისევ გული მოეცათ და იმ ხალხის რეპრესიები დაიწყეს, რომელთაც ხმა გაიღეს და რუს-ქართველთა ომის დროს მათი ავკაცობის შესახებ ხმა ამოიღეს. ხიდიდან მობრუნებულმა ვაი-ვარდოსნებმა და მათმა უმშიშარესმა მხედართმთავარმა მტერს დაუკანონეს ქართველთა ოდინდელი მიწები და თანაც უკან დააბრუნეს უკვე ქვეყნიდან გასული რუსთა სამხედრო ბაზები.
საქართველოში იწყო „ვარდსისხლოსანთა“ მიერ სისხლის ისევ მდინარეებად დინებამ.
და რომ არ ჩანდა თითქოსდა არსაიდან ხსნა, გამოჩნდა კაცი, რომელმაც თქვა - „არა ქართველებო, მომყევით არავითარი ძალადობა და ჩვენ ეს „სისხლოსნები“ არა ძალით, არამედ დემოკრატიულ მსოფლიოში მიღებული ფორმით არჩევნებით დავამარცხოთ და გაუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში“. მართლაც ასე მოხდა დაუვიწყარ 1 ოქტომბერს ერის, ბერის, მრევლის შეკრება და ქვეყანამ იწყო „ვარდოსნების“ მიერ შექმნილი მიწიერი ჯოჯოხეთიდან გამოსვლა.
და აქ გარეშე ძალების მიერ, რომელთაც ვფიქრობ საქართველოში უნდოდათ დაპირისპირებულ ძალთა მშვიდობიანი თანაარსებობა შემოთავაზებულ იქნა ე. წ. „კოჰაბიტაცია“, რომელმაც ჯერ მოასულიერა შემდეგ მოაძლიერა გუშინდელი „სისხლოსნები“ და რა იგრძნეს ამ უკვე პროფესიონალ გადამტრიალებლად ჩამოყალიბებულმა სუბიექტებმა ის, რომ ისინი ნამდვილი არჩევნების გზით ვერასოდეს ვერ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ისევ ეცათ სისხლის სუნი და ისევ სცადეს და გაიხსენეს ძველი ხელობა, სახელად „სახელმწიფო გადატიალება“.
ამ მიზნით დაიწყეს გენერალური რეპეტიციების ჩატარება ქვეყნის სხვადასხვა რეგინსი სხავადასხვა სახელწოდებებით-„ბასიანი“, „ბათუმი“ „პრეზიდენტის არჩევნები“, „პანკისი“ და მივიდნენ გენერალურ გეგმამდე, რომლის სახელიცაა „გავრილოვის ღამე“, რომელშიც სრულად იყვნენ ჩაბმულნი 1991 წლიდან დღემდე მოქმედი გადამტრიალებლები და ზოგიერთი ახალნიც. ჰო ერთი რამ გამომრჩა ეს სუბიექტები, როგორ ზემოდ აღვნიშნე ამ დროის განმავლობაში უკვე დინასტიურ გადამტრიალებლებად ჩამოყალიბებულიყვნენ. რატომ? იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი უკვე მოხუცებულა ან კიდევ მოუსავლეთში გაყოლია გზას. მაგრამ ცოცხალ გადამტრიალებლებთან ერთად მათ გვერდში ამაყად დადგნენ გარდაცვლილთა და მოხუცებულობის გამო ვერშემძლეთა პირდაპირი ხაზით ბიოლოგიური შთამომავლები.
ისარგებლეს რა ახალგაზრდების პატრიოტიზმით და არსებული მდგომარეობით, კოჰაბიტაციით რეანიმირებულმა „ვარდოსნებმა“ შესანიშნავად დადგეს „გავრილოვის საქმის“ პროვოკაციული ქმედება და იწყეს კაენის შთამომავლებმა ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე ნაცადი „დემოკრატიული შეტევა“. მათდა სავალალოდ და ქვეყნისათვის სასარგებლოდ აღმოჩნდა ის, რომ მსუყედ დაფინანსებულ და მართულ პროფესიონალ გადამტრიალებლებს იქ დახვდა ქართული სახელმწიფო, რომელმაც უკან არ დაიხია და ღირსეული ალიყური უთავაზა მომხვდურებსა და ქვეყნის განვითარების მოძულეებს.
რაკი ვერ მიაღწიეს საწადელს, ამ ქრისტეს ფეხის მკვნეტელებმა ისევ ნაცად ხერხს მიმართეს და იწყეს იდეოლოგიური მანქანის ამუშავება, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტაო და მოითხოვდნენ ქვეყნის დასუსტების მიზნით შინაგან საქმეთა მინისტრის, უზადო პოლიტიკოსის, დიპლომატისა და საქმის კაცის გიორგი გახარიას გადადგომას.
ამას ვერ მიაღწიეს და ახლა „პროპორციული“ არჩევნები დაიდეს საფუძვლად მორიგი გადატრიალებისათვის.
კი მაგრამ, ასე თუ აბოდებდით „პროპორციულზე“, სანამ ბიძო იტყოდა, მანამ სად იყავით?!
უკვე კასტად ჩამოყლიბებულო პროფესიონალო გადამტრიალებლებ-ბაბუებო, მამებო, შვილებო და უკვე შვილიშვილებოც. გაიგეთ, თქვენი დრო დამთავრდა, ამიერიდან ვერ ეღირსებით საქართველოში ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას. ჭიტა! თქვენი დამფინანსებლები და ლიდერები შიშველნი არიან, შიშვლები!
და კიდევ ერთი- „სახელმწიფო გადამტრიალებლებო“, თქვენი ასეთი თავგასულობა გამოწვეულია იმით, რომ მიმდინარე წლების მანძილზე, მიუხედავად თქვენი მრავალგზის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისა, არავინ არ დასჯილხართ.
ამიტომ „ქმნა მართლისა სამართლისაო...“ თქვა ყველა დროის ყველაზე დიდზე დიდმა ქართველმა.
და ამის ვერშესრულებას ვუთვლი ყველაზე დიდ ნაკლად ამჟამინდელ ხელისუფლებას.