ჟურნალისტი და პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ხვალ ლელა ანჯაფარიძის სული ზეცაში ავა და უფლის სამსჯავროზე წარსდგება. იმედია, იგი უფლის მარჯვნივ დადგება და სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებს!
ხვალ, გარდაცვალებიდან მე-40 დღეს, ლელას საფლავზე ავლენ ახლობლები, ნამდვილი და ვირტუალური მეგობრები და სათუთად მოეფერებიან - პირობასაც დადებენ, რომ მის სახელს არასდროს დაივიწყებენ...
ერთგვარი სიურპრიზი, თუ შეიძლება ამას სიურპრიზი ერქვას, ისიც იქნება, რომ გარდაცვალებიდან მე-40 დღეს ლელას საფლავზე მისი პირველი წიგნიც დაიდებს ბინას - წიგნი, რომელსაც ლელა მოუთმენლად ელოდა, მაგრამ, სამწუხაროდ არ დასცალდა და მის გარეშე გამოიცა.
ნამდვილად ძნელია ავტორის მონაწილეობის გარეშე შექმნა ისეთი, როგორიც ავტორს უნდოდა ყოფილიყო, თუმცა, სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფმა მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმისთვის, რომ ამ მოკლე დროში მის სურვილთან მიახლოებული კრებული მაინც გაგვეკეთებინა...
სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია - ლელა ანჯაფარიძე საკუთარ პირველ წიგნს ზეცაში წაიკითხავს!
მე, როგორც წიგნის გამომცემელმა და რედაქტორმა, ლელას ოჯახისა და მისი ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით, შევძელი მისი დაკრძალვის წინა დღით გაცხადებული სურვილი პრაქტიკულად განმეხორციელებინა, რაც ორმოცისთვის კრებულის გამოცემას უკავშირდებოდა (მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ოჯახის ახლობელს, ბატონ ნუგზარ გრძელიშვილს, რომლის მონდომებამაც ბოლომდე მიგვაყვანინა ჩანაფიქრი).
ლელა ანჯაფარიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა იმდენად მასშტაბური და მრავალფეროვანია, დარწმუნებული ვარ, მისი ნამდვილი და ვირტუალური მეგობრების მხარდაჭერით, იგი მზის სინათლეს უთუოდ იხილავს და წიგნებად აკინძული მადლიერი მკითხველის გულში დაიდებს ბინას!
სწორედ ამას ემსახურება ლელა ანჯაფარიძის საქველმოქმედო ფონდის დაფუძნებაც, რომელსაც მისივე ქალიშვილი, ნინკა გაბუნია-ანჯაფარიძე ხელმძღვანელობს.
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ის ემოციები, რაც ლელა ანჯაფარიძის ნაადრევი და მოულოდნელი გარდაცვალებით იყო თითოეულ ჩვენგანში გამოწვეული და რაც მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოცემას და ოჯახისთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას ითვალისწინებდა, არ განელდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაპირება დაპირებად არ დარჩეს!
მიუხედავად დროის სიმცირისა, პირველი კრებული „მე, ჯემალიკო, გალიჩკა, ზურიკო, ალბარა და...“ ისეთი გამოვიდა, როგორიც ლელას ეკადრებოდა, მეტიც, მოეწონებოდა კიდეც!
წიგნი იწყება მისი ქალიშვილის, ნინკა გაბუნია-ანჯაფარიძის შესავალი სიტყვით, „თქვენი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა რომ არა...“ და ჩემი, როგორც წიგნის რედაქტორის წერილით: „ლელა საკუთარ პირველ წიგნს ზეცაში წაიკითხავს“, რაც ჩემი ადრე გამოქვეყნებული პუბლიკაციის შევსებული ვარიანტია, დანარჩენს თავად მკითხველი შეაფასებს.
ერთია, სოციალურ ქსელში ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნებული სტატიები და ჩანახატები, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ინტერესით კითხულობდა, თუმცა, უფრო სხვა ხიბლი აქვს წიგნად აკინძულს და დალაგებულს, რაშიც მკითხველიც დაგვეთანხმება წინამდებარე კრებულის ხელში აღებისას.
კიდევ ერთხელ შევთხოვოთ უფალს, სასუფეველში დაამკვიდროს ლელა ანჯაფარიძის ნათელი სული!
P.S. აქვე გაუწყებთ, რომ კრებულის პრეზენტაცია გაიმართება სამშაბათს, ა.წ. 24 დეკემბერს, 18 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. გელოდებით ლელას ნიჭისა და კალმის თაყვანისმცემლებს“, - წერს ნაჭყებია.