logo_geo
eng_logo
თბილისის ზოოპარკის ტერიტორია სარეკრეაციო სივრცედ გადაკეთდება
- +

10 ივნისი. 2016. 00:41


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ზოოლოგიურ პარკი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მანამდე შენარჩუნდება, სანამ თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის მშენებლობა არ დასრულდება. ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე გადატანა ეტაპობრივად განხორციელდება, ხოლო ძველი პარკის ადგილას, სარეკრეაციო სივრცეს განავითარებენ.


როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ზოოპარკისთვის უკვე შემოღობილია 48 ჰე ფართობის ტერიტორია, სადაც მოეწყო ძაღლსაშენი, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ -ის დაფინანსებით მიმდინარეობს დათვებისა დამგლებისთვის ახალი ვოლიერების მშენებლობა, რისთვისაც უკვე დაიხარჯა 120 000 ლარი. GIZ -ის დაფინანსებით ასევე მოეწყობა ირმებისა და ნიამორების ახალი ვოლიერები, რისთვისაც 40 000 ევროა გამოყოფილი.

თბილისის მერმა მოადგილეებთან, გიორგი ლილუაშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, დღეს ზოოპარკის ტერიტორია მოინახულა და ჟურნალისტებს, 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


დავით ნარმანიას თქმით, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ზოოპარკის ტერიტორია და პარკის ინფრასტრუქტურა. დაიღუპა და დაიკარგა 280 ერთეულზე მეტი ცხოველი. "შესაბამის უწყებებთან ერთად, ძალიან სწრაფად დავიწყეთ ზოოპარკის გაწმენდითი სამუშაოები, დიდი ოდენობით ნაშალი მასალა გავიტანეთ ზოოპარკის ტერიტორიიდან. აღვადგინეთ დაზიანებული ვოლიერები, დავიწყეთ ახალი ვოლიერების მშენებლობა და შესაბამისად, დავაბინავეთ ის ცხოველები, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ. გარდა ამისა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზოოპარკები გვეხმარებიან, ეტაპობრივად ჩამოდის ცხოველები და ფრინველები,"- განაცხადა დედაქალაქის მერმა.


თბილისის მერთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს ზოოლოგიური პარკის ახალი ბინადრები გააცნო. ცოტა ხნის წინ, თბილისის ზოოპარკს 29 ახალი ცხოველი და ფრინველი შეემატა,13 ივნისამდე კი, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკების დახმარებით, დამატებით 46 ცხოველ დააბინავებენ. ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისის ზოოპარკი საჩუქრად კიდევ 55 ცხოველს მიიღებს.


ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, სტიქიამდე ზოოლოგიური პარკის ტერიტორიაზე, 1 155 ინდივიდი ბინადრობდა, მათ შორის იყო თევზები და ქვეწარმავლები. 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად კი, ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი განადგურდა, დაიღუპა 281 ცხოველი.


ამ დროისათვის, დასრულებულია დათვების, მგლების, მარტორქის, კეთილშობილი ირმების, კამერუნის თხებისა და ზებრების ვოლიერებისაღდგენა-რეკონსტრუქცია. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა პინგვინების ვოლიერსა და აუზს. სრულიად ახალი ვოლიერების ააშენეს პავიანების, ბერბერული მაკაკების, ლემურების,კენგურუების, ტაპირებისა და ემუების, მანგუსტების, მაჩვზღარბებისა და კოატებისთვის.ბეჰემოთისთვის მოაწყეს ზამთრის ვოლიერი აუზითა და გათბობით, ორი ახალი, 9 ტონიანი და 4 ტონიანი აკვარიუმი ეგზოტარიუმში.

მისივე თქმით, სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ზოოპარკის ტერიტორიაზე სრულად არის აღდგენილი მიწისქვეშა კომუნიკაციები, პარკი 850 გრძივი მეტრის ლითონის ბადით შემოღობეს. აღადგინეს მწვანე საფარი, მიმდინარეობს წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობების მოხატვა .


2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, ზოოპარკის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების, ფიზიკური პირების და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, დაუყოვნებლივ დაიწყო ტერიტორიის გაწმენდა და კეთილმოწყობის სამუშაოები.



წყარო: mkitxveli.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner