logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 14 დეკემბრის აქცია ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს გასცდა და ყველა ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა
- +

11 დეკემბერი. 2019. 18:47

 

დედაქალაქის მერი, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს 14 დეკემბერს მასშტაბურ ღონისძიებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

 

კახა კალაძის თქმით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.

 

„მოგეხსენებათ, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

ამასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საზეიმო ღონისძიება, მასშტაბური შეკრება გაიმართება.

 

ჩვენ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით და შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, ეს ღონისძიება თავისი მასშტაბებით, უკვე გასცდა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფარგლებს და მთელი პოლიტიკური გუნდის, ყველა იმ ადამიანის საზეიმო ღონისძიებად იქცა, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია.

 

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ვიწვევთ „ქართული ოცნების“ კურსისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს.

 

საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას საქართველოს ყველა რეგიონიდან.

 

მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მოვუწოდებ საქართველოს ევროპული მომავალის მხარდამჭერებს, თბილისელებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, მობრძანდით, მობრძანდით ოჯახებთან, შვილებთან ერთად და ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ!“ - აღნიშნა კალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner