„სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ რუსთავი ორის უკანონო მფლობელების სარჩელი არ ჩათვალა განხილვისთვის დასაშვებად. ამით ეს საქმე საბოლოოდ დასრულდა და 2019 წლის 18 ივლისის ვერდიქტი გახდა საბოლოო“ , - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში.
მისი თქმით, გუშინ, დავის საგნის მთლიანად ამოწურვის დღეს, ჩვენ მივიღეთ ოპოზიციის, პარტიული მედიებისა და არასამთავრობო სექტორის სრული დუმილი მომხდართან დაკავშირებით.
„ჩვენ ვერ ვნახეთ რეფლექსია, რასაც ეს მხარეები გამოავლენდნენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იმ ფორმულირებებთან დაკავშირებით, რითაც სასამართლომ შეაფასა დავის საგანი, მოსარჩელე მხარის ქცევა და ქართულ სასამართლოზე თავდასხმის მრავალრიცხვოვანი შემთხვევა. ოპოზიციას მის სიტუაციურ მოკავშირეებთან ერთად თავისი დღის წესრიგი აქვს. უკვე შეიძლება იგივეს თქმა არასამთავრობო სექტორისა და მედიის პოლიტიკურად ანგაჟირებულ ნაწილზეც. ცხადია, რომ მარცხისა და შეცდომების აღიარებას, სიღრმისეული მიზეზების ძიებასა და აფიშირებას მათი დღის წესრიგი არ ითვალისწინებს. არადა საზოგადოებისთვის დღევანდელ პოლარიზებულ გარემოში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური პრობლემების ამსახველ მოვლენებს თავისი ზუსტი შეფასება მიეცეს, დაერქვას კონკრეტული სახელი”, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
ამასთან, ნიკოლაშვილის თქმით, პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე საქართველოს მთავრობა საქმიანობას აგრძელებს რომელიც, თუ პრემიერმინისტრის საპროგრამო ხედვას დავესესხებით, აღბეჭდილია ეფექტურობისა და ეფექტიანობის სულისკვეთებით.
მისივე თქმით, შთამბეჭდავი იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში, რომელიც საუბრობს რეკორდულ მაჩვენებლებზე, რითაც იგი ასრულებს განვლილ წელს. საგზაო ინფრასტრუქტურის ამსახველი ანგარიშის შემდეგ კი დღეს ვნახეთ მთიან რეგიონებთან დაკავშირებული პროექტების პრეზენტაცია.
“დღეს 11 დეკემბერია, დღე როცა გაეროს გადაწყვეტილებით 2003 წლიდან აღინიშნება მთის საერთაშორისო დღე. საქართველო გამორჩეული მთიანი ქვეყანაა და მთის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.