logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისას დეპუტატებმა უნდა იხელმძღვანელონ კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით
- +

12 დეკემბერი. 2019. 12:13

 

 

„მე პირადად, ვიხელმძღვანელე პროფესიული გამოცდილებით, მათი აქტივობით, გამოყენებული იყო თუ არა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, ეთიკის ნორმების დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი - ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელე და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭისყრის შემდეგ განუცხადა.

 

„თითოეულმა კოლეგამ უნდა იხელმძღვანელოს კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, პირადად მე ვიხელმძღვანელე ამ კრიტერიუმებით. ეს კანდიდატები არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, 14-მა დაიმსახურა მხარდაჭერა კომიტეტის მხრიდან, მათ გაეწიათ რეკომენდაცია, 6-ს არ გაეწია რეკომენდაცია. ჩვენ აქ თითოეულ მოსამართლეზე პოლიტიკურ შეფასებებს ვერ დავიწყებთ.

 

გუნდში პოზიციების გაცვლა-გამოცვლა იყო, თუმცა რაიმე შეთანხმებული და ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. იყო მოსაზრებები, რომ რამდენიმე კანდიდატს შესაძლოა ვერ მოეპოვებინა მხარდაჭერა, თუმცა ეს ფაქტი დაფიქსირდა კომიტეტზე და შემდგომი მსვლელობა გვაჩვენებს რამდენ კანდიდატს ექნება პლენარული სხდომაზე მხარდაჭერა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner