„დღეს პარლამენტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევით ირჩევს ჩვენი მართლმსაჯულების და ქვეყნის მომავალს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
„ყველა ვაცნობიერებთ ამ პროცესის მნიშვნელობას და განსაკუთრებულობას. ეს არ არის მთავრობის დამტკიცება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, თუ არ გაამართლებს, ეს არ არის არც გენერალური პროკურორის არჩევა, არც ცესკო-ს წევრის ან თავმჯდომარის არჩევა, რომელიც გარკვეული ვადით აირჩევა, ეს არ არის კონსტიტუციის ცვლილებებზე კენჭისყრაც კი, რომელსაც ასევე შეიძლება ხელახლა მიუბრუნდე.
უზენაესის მოსამართლეების უვადოდ არჩევა არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი ვერ შეცლის და ვერ გამოასწორებს.
ჩვენ უვადოდ უნდა ავირჩიოთ ის ადამინები, რომელებმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვან ადამიანის უფლებებზე, უნდა დაიცვან ჩვენი სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, უნდა დაიცვან სახელმწიფოსგან თუ ნებისმიერი პროცესისგან დაჩაგრული ადამიანები, უნდა დაიცვან ჩვენი არჩევნები... და საერთოდ, მიიღონ გადაწყვეტილებები იმაზე, როგორ ქვეყანაში იცხოვრებს ჩენი საზოგადოება - ექნებათ კანონის და სამართლის იმედი თუ ექნებათ უსამართლობის განცდა.
მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას მოსამართლეების გამოკითხვის პროცესში და ყველამ ვიხილეთ, რომ ძალიან მცირე მათგანი აკმაყოფილებს კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს.
პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებსაც უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვს წარსულში მიღებული და დღესაც არ ააქვს პასუხი, თუ რატომ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს.
ასევე, არ უნდა დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებიც წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ პოლიტიკურ სისტემას აბრალებენ, საკუთარ წვლილს და როლს ამ სისტემის შექმნაში ვერც მაშინ ხედავდნენ და ვერც ახლა ხედავენ და დღესაც უჭირთ პასუხის გაცემა, როგორ მოიქცევიან, თუკი პოლიტიკური წნეხი დღესაც განხორციელდება მის მიმართ.
ასევე, რთულია, მხარი დაუჭირო კანდიდატს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს მოსამართლის ინდივიდუალურ როლზე სასამართლოს სიტემის დამოუკიდებლობის და გაჯანსაღების პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა სასამართლო სისტემას მეტი დამოუკიდებლობის გარანტიების შეუქნა, სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ დამოუკიდებელი და პრინციპული მოსამართლეები ქმნიან და ამ კანდიდატების დიდი უმრავლესობა დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ვერ შექმნის ქვეყანაში.
მინდა, ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ათეული წლები ნუ გადადებენ მართლმსაჯულების რეალური გაჯანსაღების პროცესს და მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც აკმაყოფილებენ უზენაესი სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლისთვის დადგენილ მაღალ მოთხოვნებს“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.