logo_geo
eng_logo
ივანე ჯავახიშვილის როლი ჩვენი საგანძურის გადარჩენის საქმეში!
- +

10 ივნისი. 2016. 01:07


„ივანე ჯავახიშვილის როლი ჩვენი საგანძურის გადარჩენის საქმეში"- ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ივანე ჯავახიშვილის შესახებ წერს:



„წითელი არმია თბილისს უახლოვდება, მიბარებს ივანე და მეუბნება: ხომ ხედავ ექვთიმე, მოდის რუსის ჯარი, მონათლული დამოუკიდებელ საქართველოს და სამღვდელოების მტრობით და სიძულვილით, ისინი დაარბევენ და გაძარცვავენ ჩვენს ეკლესიებს, მუზეუმებს და ყველა საზოგადოებრივ დაწესებულებებს; ამიტომ ეხლავე შენ უნდა ნახო მთავრობის თავმჯდომარე, გააცნო ჩვენი ეროვნული განძეულობის გაძარცვა-დაღუპვის საშიშროება. ის ეხლავე უნდა შეგროვდეს და საქართველოდან დროებით უცხოეთში უნდა გაიტანოთ.


მე მაშინვე თანხმობა განვუცხადე ივანეს და საჩქაროდ წავედი სასახლეშიდ. იმ დროს შინ ნოეს ნახვა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ მე მან დაუყოვნებლივ მიმიღო, მომისმინა და მაშინვე გამოაძახებინა ჩემი კარგი ნაცნობი და მეგობარი იოსებ ელიგულაშვილი - თანაშემწე ფინანსთა მინისტრის (კონსტანტინე კანდელაკის), კაცი განათლებული, ენერგიული და საქმიანი.


ბატონ ნოემ მას უთხრა: იოსებ, შენ თანამშრომლობ ექვთიმესთან, გეძლევათ სრული უფლება იმოქმედოთ თქვენი შეხედულებისდა მიხედვით განძეულობის შესაკრებად, გაძლევთ უფლებას ყოველგვარი ტრანსპორტის რეკვიზიციისას და საჭირო თანხებს. იქვე უკარნახა ეს ბრძანება მის მდივანს, ხელი მოაწერა და გადმომცა: მხოლოდო, - დააყოლა, - ექვთიმე, შენ ინიშნები ამ განძეულობის გამგედ და უცხოეთშიდაც უნდა გამოჰყვე ამ განძეულობას ამ უფლების გამოყენების შენახვით. ასლს განძეულობის აღწერილობისას სათანადო თქვენი და თქვენ მიერ შედგენილ კომისიის ხელის მოწერით დასტოვებთ, სადაც თქვენ საჭიროდ დაინახავთ. მე უარი განვაცხადე უცხოეთშიდ წასვლაზედ, მოვახსენე, - მე ოჯახობას მარტო ვერ დავტოვებ-მეთქი. ბატონ ნოემ ცივად მიპასუხა: მეუღლესაც წამოიყვან და იქვე უკარნახა მდივანს ბრძანებულობა ჩემი დანიშვნისა და იოსების (ელიგულაშვილის) ჩემს თანაშემწედ დანიშვნისა. ხელი მოგვაწერინა, ასლი მდივანს გადასცა, გვისურვა წარმატება და გვითხრა, - მე ყოველთვის თქვენს განკარგულებაში ვარ, არ მომერიდოთ, - მაგრად ხელი ჩამოგვართვა და დაგვემშვიდობა.


რასაკვირველია, მე დიდი მადლობა მოვახსენე ჩემი და ივანეს სახელით. ჩვენ მაშინვე შევუდექით მუშაობას. ყველანი დიდი მონდომებით გვერდშიდ ამოგვიდგა. რასაკვირველია, დიდი ივანეს (ჯავახიშვილის) დახმარებით და იოსების (ელიგულაშვილის) განსაკუთრებული ორგანიზატორის ნიჭიერებით ჩვენი დავალება ბრწყინვალედ შევასრულეთ", - ეს არის ამონარიდი გურამ შარაძის წიგნიდან „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება" 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner