ფრანგული საიტი la-croix.com-ი ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სუმოს ჩემპიონი ფეხზე დგება, ქვიშა და თიხა მის ზურგზე გამოსახულებებს ქმნიან. ის დამარცხდა. ბერძნული სტილის სახეზე გამოხატული ლურჯი თვალები მხოლოდ ერთ რამეს ამბობენ: ის საკუთარ თავზეა გაბრაზებული. ლევან გორგაძე, რომელიც იაპონიაში ტოჩინოშინ ცუიოში გახდა, კავკასიის მთებში მდებარე უძველესი ქალაქი მცხეთის სოფელში გაიზარდა.
დიდხნიანი ტრავმის შემდეგ ტოჩინოშინი მაქსიმალურად ბევრს ვარჯიშობს თავის თანაგუნდელებთან ერთად რიოგოკუს სკოლიდან, რომელიც ტოკიოს ერთ-ერთი უბანში მდებარეობს.
ლევან გორგაძე იმ იშვიათ უცხოელებს შორისაა, რომლებმაც რამდენიმე 10-წლეულის განმავლობაში იაპონურ სპორტში გამოიჩინეს თავი.
2005 წლის ზაფხულში, როცა ლევანი 17 წლის გახლდათ, მისმა თანამემამულე კოკაიმ პირველად დაამარცხა იოკოძუნა ასაშორიუ. ძიუდოს სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობის შემდეგ გორგაძემ 3 თვე იაპონიაში გაატარა და 2005 წელს ნიჰონის უნივერსიტეტში ჩააბარა და სუმოს რთულ გზაზე სვლა გადაწყვიტა.
ასკეტური ცხოვრება
ლევანმა 3.7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა დატოვა და 10-ჯერ დიდ ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად.
"თავიდან მოწყენილი ვიყავი, თავს იზოლირებულად ვგრძნობდი. გულდაწყვეტილი გახლდით მუდმივად კიმონოს ტარებითა და ძალიან მკაცრი წესებით. ოჯახი თუ მენატრებოდა? რა თქმა უნდა... არც იაპონური ენა ვიცოდი... მობილური ტელეფონიც კი არ მქონდა მათთან დასარეკად", - ამბობს ტოჩინოშინი.
იმ სუმოისტებისთვის, რომლებიც სეკიტორები არ არიან, ცხოვრება მართლაც ასკეტურია. ისინი 24 საათს სუმოისტთა საზოგადოებაში ატარებენ და არც საკუთარი ოთახი აქვთ. სახლის სამუშაოები, დამღლელი ვარჯიშები და დიდი კერძები - ასეთია ცხოვრების რიტმი სუმოს სკოლაში.
"იაპონიაში ყველაფერი ვისწავლე. ყველაზე მეტად თანაგუნდელებზე ზრუნვა, რადგან ერთად გვიწევს ცხოვრება", - აღნიშნა ლევანმა.
ეროვნული გმირი
178 კგ წონისა და 191 სმ სიმაღლის ტოჩინოშინმა ოძეკის წოდებას მიაღწია, რომელიც სუმოს სამყაროში უმაღლესი იყო მე-19 საუკუნემდე, სანამ იოკოძუნას ტიტულს შემოიღებდნენ. თუმცა ტრავმების გამო ქართველმა სუმოისტმა ოძეკობა დაკარგა.
მის მშობლიურ სოფელში, სადაც მარადიული ვაზის ძირები ქართულ სახლებს გარს შემოხვევიან, ლევანის დედამ აზრი შეიცვალა:
"ძალიან ამაყი ვარ. სუმო სპორტის სამყაროში უიშვიათესი ვარსკვლავია", - ამბობს 52 წლის ნანი მარქარაშვილი.
"ის კარგი ბიჭი იყო. ახლა უკვე ზრდასრული და დაფასებულია კაცია, მთელ სოფელს უყვარს ლევანი", - დაამატა მეზობელმა ნინო სურამელაშვილმა.
როცა რამდენიმე დღით სამშობლოსა და ოჯახს უბრუნდება, მას აეროპორტში ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება. ტოკიოში ის საქართველოს პოლიფონიური მუსიკის მოსმენით, ხაჭაპურისა და საცივის მომზადებით გრძნობს.
მან არ იცის, მოითხოვს თუ არა იაპონიის მოქალაქეობას იქ დასარჩენად და საკუთარი სკოლის გასახსნელად, თუმცა მისი ოცნებაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა იჭიდავოს სუმო.