რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს 21 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ჩამოაწერა. ამის შესახებ, ფორუმზე „რუსეთი-აფრიკა“ პრეზიდენტმა პუტინმა დიდი ზარ-ზეიმით განაცხადა. და ეს სულაც არ არის ერთეული შემთხვევა იმისა, რომ კრემლი აფრიკის, აზიის ქვეყნებს თუ ლათინურ ამერიკას ვალებს პატიობს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, 2000 წლიდან დღემდე 140 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალის ჩამოწერა მოხდა.
„ცივი ომის“ წლებში, საბჭოთა კავშირი მეგობრულ რეჟიმებს ხელგაშლილად აფინანსებდა; აფრიკულ ქვეყნებს აძლევდნენ იარაღს, სამხედრო ტექნიკას, აღჭურვილობას. საბჭოთა სპეციალისტები ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდნენ სამხედრო და სამოქალაქო სექტორში. სამაგიეროდ, კრემლი იღებდა პოლიტიკურ ლოიალობას, იყენებდა აფრიკულ პორტებს და აეროდრომებს და სხვა. იმ პერიოდში დაგროვილი ვალების ჩამოწერა მოსკოვმა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, მაგრამ აბსოლუტურ მაქსიმუმს ამ პროცესმა პუტინის პრეზიდენტობის წლებში მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში რუსეთი საერთაშორისო არენაზე კვლავ გააქტიურდა და ისევ დაიწყო აზიური თუ აფრიკული სახელმწიფოების „ათვისება“, რადგან „პლანეტა სახელად დედამიწა ხომ ვერ განვითარდება, თუ კი რუსეთი თავის საცეცებს ყველგან არ გაშლის“.
აფრიკელი ლიდერები და მათი მეუღლეები, ცოტა ხნის წინ გამართულ პომპეზურ რუსულ სამიტს დაესწრნენ და კეთილი რუსი ბიძია პუტინის სადიდებელი აღავლინეს. კრემლის ექსპერტებმა და მედიამ ერთხმად დაცხეს „სიმღერა“ იმაზე, რომ ვალების ჩამოწერა საოცრად სწორი გადაწყვეტილებაა. რუსეთი ხომ ძალიან მდიდარია, მის მოქალაქეებს შესაშური სოციალური მდგომარეობა აქვთ და ზედმეტი ფული სახელმწიფოს რაში სჭირდება. აფრიკაში კი ისეთი გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს, ისეთი გაჭირვებული...
თუმცა, აქა-იქ გაჩნდა დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებები, რომლებმაც კრემლის „ვალების ჩამოწერის“ პოლიტიკის უკან სულ სხვა მიზნები დაინახეს. ისიც დაიწუწუნეს, რომ ეს თანხა, ჯანდაცვის სექტორში რუსეთის ფედერაციის რეგიონალურ წლიურ დანახარჯს უტოლდება. რუსეთის „გლუბინკაში“ ზღვარგადასული სიღატაკეა, სოციალური უთანასწორობა, ხალხი მიწურებში ცხოვრობს, 20 ათასი სოფელი უკვე „მკვდარია“; პუტინმა კი ვალები არა საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ნავთობმომპოვებელ სახელმწიფოებს ჩამოაწერა, ასევე თავის დროზე კადაფისაც, რომელსაც სასახლეში ტონობით ოქრო ჰქონდა...
აბა, მაშ, რა იმალება ასეთი ხელგაშლილობის უკან? ნუთუ, შეიძლება რუსეთის ხელისუფლება ისეთი კეთილი იყოს მოზამბიკის, ანგოლას ან განას მიმართ, რომ რამდენიმე მილიარდიანი ვალი „ლამაზი თვალების“ გამო ჩამოაწეროს? რატომ გაითამაშეს „ივანუშკა დურაჩოკი“? ნუთუ, 21 მილიარდი დოლარის არდაბრუნების უკან რაიმე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი დგას?
სინამდვილეში რატომ ეხმარება კრემლი აფრიკელებს?
„Эхо Москвы“-ს ეთერში გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტი, ეკონომისტი სერგეი ჟავორონკოვი ამბობს, რომ რეალურად ხდება ვალის „ნატურით“ ამოღება , რადგან ვლადიმერ პუტინმა ვალები ძირითადად იარაღის მიწოდების სანაცვლოდ ჩამოწერა. მაგალითად მოზამბიკს რუსეთის 4,7 მილიარდი მართებდა და ახლა ამ თანხის ფასად აფრიკელები იყიდიან მის იარაღს. ასევე, პოლიტიკურ კონტექსტში, მადლიერი აფრიკის ქვეყნები საჭირო დროს, საჭირო ადგილას, რუსეთს მხარს დაუჭერენ.
ეკონომისტი ნატალია ზუბარევიჩი ამბობს, რომ რუსეთი აფრიკის ქვეყნებთან 14 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტების დადებას კვლავ აპირებს. ძირითადად, საუბარია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებზე, ანუ იარაღის მასშტაბურ მიწოდებაზე. ამას გარდა, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი ეხსნება რუსული ბიზნესის „ზვიგენებს“, რომლებსაც მადა სულ უფრო მეტად ეხსნებათ. თანაც, ხომ ყველას კარგად მოეხსენება, როგორ არის რუსული ბიზნესი გადაკვანძული კრემლთან. აქამდე, მაგალითად ანგოლაში რუსული „ალროსა“ ალმასების მოპოვებაზე უკვე მუშაობდა, ახლა კი კიდევ უფრო დიდ განვითარებას მიაღწევს; „ლუკოილს“ აქვს პროექტები განაში, კამერუნსა და ნიგერიაში; ტანზანიაში „როსატომი“ ურანის მოპოვებას ცდილობს; სამხრეთ აფრიკაში ბირთვული სადგურის აშენებაზე მილიონები დაიხარჯა, თუმცა აქამდე რაღაც ვერ მოაკვარახჭინეს. ზიმბაბვეში რუსი ბიზნესმენები პლატინის მოპოვებას ცდილობენ; ეგვიპტეს კი დამატებით, ბირთვული ელექტრო სადგურის მშენებლობაზე 25 მილიარდიანი კრედიტი მისცეს, რომლის პირველი გადახდა 2029 წელს უნდა დაიწყოს; სუდანის სანაპიროზე სამხედრო ბაზით სარგებლობის იმედიც აქვთ... აბა, რა ქნან საწყალმა რუსმა ბიზნესმენებმა, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაადო? სად იშოვონ ფული?
ისიც არაა საიდუმლო, რომ ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში რამდენიმე წელია დაძრწიან „კერძო“ რუსული სამხედრო შენაერთები, რომლებიც ხან სად გამოძვრებიან ხოლმე, ხან სად...საქვეყნოდ გამოიჩინეს თავი სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა, რომელთა უკანაც, მსოფლიო და დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინის „მზარეულის“ პრიგოჟინის კვალი იკვეთება. 2018 წელს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, „ვაგნერზე“ ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად, 3 რუსი ჟურნალისტი ჩავიდა, თუმცა ვერაფერი გამოიძიეს. იმიტომ კი არა, რომ ინფორმაცია ვერ მოიპოვეს, არამედ იმიტომ რომ რამდენიმე დღეში, გაურკვეველ ვითარებაში სამივე მოკლეს. ამ საქმეს დღემდე „იძიებენ“;
კრემლს და მის „მზარეულებს“ აფრიკული სამზარეულო ძალიან რომ მოეწონათ და მადაც რომ გაეხსნათ, ამაზე მადაგასკარზე 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაც ცხადყოფს. აბა ისე რა უნდოდათ ასე შორს - მადაგასკარზე ჩასულ უბრალო რუს „ტურისტებს“, რომლებმაც ამ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატებს ჩემოდნებით ფული დაურიგეს. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ დანარჩენ კანდიდატებს, ერთი შერჩეული კანდიდატისთვის ბოლო ტურში ადგილი დაეთმოთ, ხოლო მომავალი პრეზიდენტი ამ „услуга”-ს სანაცვლოდ რუსეთის მიმართ ლოიალობას გამოიჩენდა. „ბიბისი“-ს გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსმა, ვითომდა, ტურისტებმა და სინამდვილეში პოლიტტექნოლოგებმა მინიმუმ 6 კანდიდატს გადაუხადეს ფული. პარალელურად, რუსმა ბიზნესმენებმა უკვე ჩაიგდეს ხელში მადაგასკარზე არსებული რამდენიმე დიდი კარიერი.
მარტო მადაგასკარი კი არ არის რუსი „პოლიტ-ტექნოლოგების“ საყვარელი კუნძული. აი, მაგალითად, ახლახან „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ დაბლოკა 200 ანგარიში - გვერდი და ჯგუფი, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდა და აფრიკის 8 ქვეყანაში მოქმედებდა. ამ გვერდების და ანგარიშების ჯამური აუდიტორია 1 მილიონზე მეტი იყო. „ფეისბუქი“-ს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ანგარიშები სამ ქსელში იყო გაერთიანებული და მადაგასკარის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, კონგოს, მოზამბიკის, კამერუნის, სუდანის და ლიბიის საშინაო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის მიზნით გამოიყენებოდა. ეს რუსული ქსელები ამ ქვეყნებში ადგილობრივ მოქალაქეებთან თანამშრომლობდნენ, რათა უფრო უკეთ დაეფარათ თავისი მავნებელი საქმიანობა. მოდით, გამოვიცნოთ ვისთან არის ეს 200 ანგარიში დაკავშირებული? „ფეისბუქში“ თვლიან, რომ ისევ და ისევ, რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან.
მოსკოვი თავისი „ხელის“ ბიზნესმენებს ასეთ ქვეყნებში დიდ ასპარეზს კი უხსნის, თუმცა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური ლობის გაძლიერებაც. აბა, ისე მორიგი ნაურუ თუ ნიკარაგუა „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას“ რატომ აღიარებს, ან რომელიმე საერთაშორისო ინსტანციაში მხარს რუსეთის გადაწყვეტილებას რატომ დაუჭერს? იგივე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც ხომ ამ „კეთილი ხელის“ მიერ მოწოდებული ფულით იკვებებიან? შესაბამისად, იმას აკეთებენ, რასაც მთავარი გამომკვებავი უბრძანებს და დაავალებს... ამიტომაც, ეს აფრიკული ეპოპეა ყურადსაღებია საქართველოსთვისაც...
8 წლის განმავლობაში, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს თითქმის 37 მილიარდი რუბლი (616 მილიონი დოლარი) გამოუყო. 2009 წლიდან, სეპარატისტული აფხაზეთის ბიუჯეტის 50%-ზე მეტი რუსულ დოტაციაზეა დამოკიდებული. კრემლის ფული იქ მუდამ დარღვევებით იხარჯება, ამიტომ, ბოლოს და ბოლოს რუსებმა სოხუმში ფასადური კონტროლის პალატა შექმნეს. შარშანდელი შემოწმებით, გამოყოფილი ფინანსების არამიზნობრივმა ხარჯვამ 270 მილიონ რუბლს გადააჭარბა, თუმცა არავინ დასჯილა. სეპარატისტულმა ცხინვალმა კი, რომელიც ასევე დოტაციაზე ჰყავს კრემლს, 2009-2016 წლებში 52, 45 მილიარდი რუბლი მიიღო. თუმცა, ოკუპირებულ რეგიონს განვითარების არაფერი ეტყობა. ამის მიუხედავად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მაინც ძალიან ბედნიერია...შესაძლოა უფრო მეტადაც, ვიდრე აფრიკელები, რადგან ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე, ცხინვალის მთავარ ქუჩას მისი სახელი მიანიჭეს.
ქეთევან სილაგაძე