თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო კვირეული იმართება. კვირეული პატარების საახალწლო სურვილების ასრულებას ისახავს მიზნად, რომელიც საქველმოქმედო ფონდთან ,,აი ია“ თანამშრომლობით ხორციელდება.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, რაიონში მცხოვრებმა ბავშვებმა საახალწლო სურვილები დეპუტატს წარმომადგენლობაში გაუგზავნეს.
„ჩვენ ვიცოდით ფონდის „აი ია“ გენერალური დირექტორის - ნანა გოთუას ქველმოქმედების შესახებ, დავუკავშირდით მას და შედგა ჩვენი თანამშრომლობა. აღნიშნული ფონდი ქველმოქმედებას სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის მიმართულებით ახორციელებს და საქართველოს მასშტაბით უამრავი ბენეფიციარი ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან სწორედ ფონდის ბენეფიციარები - პატარები, რომლებიც თანატოლებს საახალწლო საჩუქრებს თავად გადასცემენ,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
კვირეულის პირველ დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფონდის „აი ია“ გენერალურმა დირექტორმა ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს პერსონალური კომპიუტერები, ველოსიპედები, ჰოვერ ბორდი, საბავშვო წიგნები და სხვა საჩუქრები გადასცეს.
რიმა ბერაძის ინიციატივით, ბავშვებისთვის საახალწლო სურვილების ასრულების კვირეული უკვე მესამედ იმართება.