„რა გვიშლის ხელს იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივ პარტიად გამოცხადდეს და პოლიტიკური საქმიანობა საერთოდ აეკრძალოს?!" - აღნიშნული კითხვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა პაატა ბარათაშვილმა, 2014-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე მომზადებული ანგარიშის წარდგენისას დასვა.
მან ანგარიშში ასახულ ფაქტებსა და მონაცემებს შოკისმომგვრელი უწოდა და როგორც აღნიშნა, ეგონა, რომ საშინელებათა ფილმს უყურებდა.
დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის აზრით კი, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში გამოცხადებული პოლიტიკური ბოიკოტი რეალურად არა კორცხელის მოვლენებს, არამედ სწორედ ამ დოკუმენტს უკავშირდება. "ვერ წარმომიდგენია, აი ამ დარბაზში, ამ ყველაფრის მოსმენისას ეს ადამიანები როგორ უნდა ყოფილიყვნენ და საერთოდ, როგორ უნდა იყვნენ აქ", - განაცხადა სესიაზე ლორთქიფანიძემ.
პლენარულ სხდომაზე, 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცნობს.
ბესელიამ კოლეგებს ასევე კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ანგარიში წარუდგინა.