logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ
- +

13 დეკემბერი. 2019. 16:26

 

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

 

„აშშ-ს საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინგადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო. მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ სისტემა მართალია უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

რაც შეეხება თავად დამტკიცებულ მოსამართლეებს, იუსტიციის მინისტრის თქმით, თითოეულ მათგანს დეპუტატებმა კენჭი უყარეს თავისუფლად და ზეგავლენის გარეშე.

 

„ზოგიერთი ვერ მოხვდა მართლმსაჯულების სფეროში ამ ძალიან მაღალ თანამდებობაზე. დანარჩენებს დაუგროვდათ შესაბამისი ხმები კენჭისყრისას. აქ რაიმე ტიპის კომენტარი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ვერ იქნება გაკეთებული, ვინაიდან გვარებს და სახელებს კენჭს უყრის პარლამენტი“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

 

„ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი​​“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner