„ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ შერეული სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით“, -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დროა, პარტიები მოემზადონ მომავალი არჩევნებისთვის.
„ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რომ ახალი ტიპის აჟიოტაჟი შევქმნათ ქვეყანაში. აჟიოტაჟი საკმარისია და იმედი მაქვს, რომ გუშინდელი სხვადასხვა ტიპის ბავშვობანა და ამგვარი ტიპის თამაშები, თუ რა თქმა უნდა, ეს დანაშაულად არ ჩამოყალიბდა გამოძიების შედეგად, ნივთიერების შეტანა პარლამენტში და სხვა ამგვარი ტიპის უპასუხისმგებლო ქმედებები ალბათ, უნდა დასრულდეს. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ შერეული სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით. თუკი არსებობს ინიციატივა, რომ 2020-სა და 2024 წელს შორის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ის გაიმართოს შერეული ან სრულად პროპორციული წესით და ამაზე უნდა გაიმართოს დებატი და მსჯელობა, ამაშიც სასკანდალო ფაქტორი ჩემი აზრით, არ არის. ფაქტია, რომ 2020 წელს ჩვენ შერეული სისტემით ვატარებთ არჩევნებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე მოემზადოს როგორც ჩვენი, ასევე სხვა პარტია ამ არჩევნებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.