logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის დღესასწაულის – დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
- +

10 ივნისი. 2016. 10:25



საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ეროვნული დღესასწაულის -დედოფლის დაბადების დღისადმი  მიძღვნილ საზეიმო  მიღებას დაესწრო.


გიორგი კვირიკაშვილმა  ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„საიდუმლოს გაგიმხელთ - ასეთი ამინდი (წვიმიანი) სპეციალურად საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული საიმისოდ, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას... ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ გასული მეოთხედი საუკუნის  მანძილზე ჩვენ არ გვყოლია გაერთიანებულ სამეფოზე უკეთესი მეგობარი. თქვენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იდექით, რთულ მომენტებშიც კი, და გვაწვდიდით გონივრულ რჩევასა და გულუხვ დახმარებას. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის აპრილში აღიარა და მას შემდეგ იგი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და, რაც მთავარია, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვაფასებთ უსაფრთხოების დიალოგსა და თანამშრომლობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსთან გვაკავშირებს. ბრიტანელი და ქართველი ჯარისკაცები  NATO-ს მისიაში, ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლს, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება,  ორი ქვეყნის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის.


„ერთი მხრივ, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს მისი უდიდებულესობა დედოფლის სადღეგრძელოს შესმის საშუალება, მეორე მხრივ, ვიცი, რომ მალე ჩვენ უნდა გამოვემშვიდობოთ ელჩს, მის აღმატებულება ალექსანდრა ჰოლ ჰოლს. საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებისას, მე მქონდა  ელჩთან შეხვედრის უდიდესი სიამოვნება. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები შესანიშნავად ვითარდება და ეს დიდწილად ელჩის დაუღალავი ძალისხმევის შედეგია, რომელიც  ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას ცდილობს. რადგან თქვენი პოსტის დატოვების დრო ახლოვდება, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად",-აღნიშნა პრემიერმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გაერთიანებული სამეფოც და საქართველოც ევროპის არსებითი ნაწილებია.

 

„თქვენ იყავით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისკენ საქართველოს სწრაფვის ძლიერი მხარდამჭერი და ახლა მორიგი ნაბიჯის გადადგმის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკენ სწრაფვისას ისევ გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი. ამა წლის 23 ივნისს ბრიტანეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დადგება - უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ევროკავშირი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში იმიტომ, რომ სწორედ ამ ქვეყანამ შეუწყო ხელი იმ სფეროების განვითარებას, რომლებსაც ჩვენ ასე ვაფასებთ. მინდა გავიმეორო მე-17 საუკუნის ინგლისელი პოეტის ჯონ დონის სიტყვები, რომელმაც განაცხადა: „არავინ არის კუნძული - ყველა კონტინენტის ნაწილია", შემიძლია ვთქვა: არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იყოს კუნძული, ჩვენ კონტინენტის ნაწილები ვართ - გაერთიანებული სამეფოც და საქართველოც ევროპის ასეთი არსებითი ნაწილებია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

დედოფლის დაბადების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა. სტუმრებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა უმასპინძლა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner