ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გადაცემა „20/30"-ში განაცხადა, რომ გულწრფელად თანაუგრძნობს ნიკა გვარამიას, რომელიც ყოველგვარი ლოგიკისა და რაციონალური აზროვნების სივრციდანაა გასული.
„მას შემდეგ, რაც გვარამიამ პრემიერის მისამართით იკადრა, მისი არცერთი განცხადება აღარ მიკვირს. ეს ადამიანი წყობიდან იმდენად გამოვიდა, რომ მოჩვენებები აქვს. თურმე, მე და თეა წულუკიანს იმდენად გაგვიჭირდა, რომ ვერანაირი სივრცე ვერ ვიპოვეთ და უკაცრავად, მაგრამ გვარამიას სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსამართლეებს ტუალეტებიდან ველაპარაკებით. ამ ტიპის ბოდვას რომ ადამიანი ეჭიდება და ამაზე საუბრობს, არ მგონია, საღ გონებაზე იყოს და მასთან ოპონირებაში შესვლა შეიძლებოდეს.
ნიკა გვარამიამ პასუხი უნდა გასცეს ლეგიტიმურ კითხვებს, ხომ არ არის მისი მხრიდან ზეწოლა იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მასთან უშუალოდ დაკავშირებული არიან. ვგულისხმობ იმას, რომ როცა ის განათლების თუ იუსტიციის მინისტრი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და კოლეგიის თავმჯდომარე მისი მოადგილეები გახლდათ. „რუსთავი 2"-ის ყველა საქმე, ანუ „ნაციონალური მოძრაობის" ყველა სარჩელი სწორედ ამ კოლეგიაში იხილება და ამ მოსამართლეებს ეწერება და არცერთი საქმე მათ მიერ შერისხულ მერაბ ტურავას არ დაეწერა. უმჯობესია, გვარამიამ ამ ლეგიტიმურ კითხვებს გასცეს პასუხები და მორალიდან და ეთიკიდან ამოვარდნილი განცხადებების კეთებას თავი დაანებოს. გვესმის, რომ „რუსთავი 2" „ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიაა, მაგრამ არსებობს საერთო ეთიკის სტანდარტები, რომელიც ყველა მედიასაშუალებისთვის სავალდებულოა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას პირადი გავლენების და ურთიერთობების გამოყენება და ამ გზით სასამართლოს დისკრედიტაცია სურს.
„გვარამია ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს სურს, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების მიღება დაასწროს. ეს რას ნიშნავს?! ანუ, გვარამიამ იცის, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს?! მისი საჯარო განცხადებები ძალიან პირდაპირი ტექსტით ამჟღავნებს იმას, რომ ბატონმა გვარამიამ ამ გადაწყვეტილებების შესახებ წინასწარ იცის.
გვარამია თავისუფალი მედიის დამცველად ვერასოდეს ვეღარ გამოდგება მას შემდეგ, რაც ის მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, როცა ტელეკომპანია „იმედს" შტურმით იღებდნენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„რუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ეკა ბესელიასა და თეა წულუკიანს შეახსენა, რომ იუსტიციის სამინისტროში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელიც გვარამიას მიყვანილია და, რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც.