logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა
- +

14 დეკემბერი. 2019. 18:23

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მიღებულ იქნა მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იმ მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა.

 

„ქვეყანა აგრძელებს საერთაშორის თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ მობილიზებას. ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებასთან მუდმივად მქონდა კომუნიკაცია, ასევე ბატონი ვაჟას ოჯახთანაც და  ყველამ კარგად იცის, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მინისტერიალების ერთობლივი განცხადებები იქნა მიღებული მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟას უკანონო პატიმრობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მინისტრის თქმით, მიუხედავად გუშინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

 

„რა თქმა უნდა, მოლოდინი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე გუშინ მქონდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, იყო ის, რომ ბატონი ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა მოგვცეს იმ განცდის საშუალება, რომ ჩვენ არ გავაგრძელოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტად აქტიური ჩართულობა და ჩვენ ამას ვაკეთებთ გუშინდელი დღიდან,  რომ გაძლიერდეს ზეწოლა, რათა ბატონი ვაჟა დროულად  დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner