logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა
- +

14 დეკემბერი. 2019. 19:03

 

 

„გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიმდინარე აქცია-ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

კახა კალაძემ მოსახლეობას ღონისძიებაზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა:

 

„გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს  არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვირდების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო  ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც ეს მასშტაბური შეხვედრა - ღონისძიება იმართება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მან ასევე, ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხა, თუ რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფვით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი? და საერთოდ, რა არის ჩვენთვის ევროპა?!

 

„პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს. ევროპა - თავისუფლებაზე, ჰუმანიზმზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული  თანაცხოვრების წესია! ეს  კი ის თვისებებია,  რაც  საქართველოს  მოსახლეობას, ქართველ ხალხს ისტორიულად ახასიათებდა! ეს არის ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ერი და რაც კიდევ ბევრ ათასწლეულს გადაატანინებს ჩვენს ქვეყანას! დღეს ჩვენი ცივილიზაციის ორი უმთავრესი  საყრდენის - თავისუფლების  და ტოლერანტობის ცენტრია ევროპა, ჩვენ ამ ღირებულებითი ერთობის  გამო ვართ ისტორიულად  ევროპის ნაწილი და ამ დიდი ოჯახის  წევრი! ევროპა საქართველოს სახლია!“ - განაცხადა კალაძემ.

 

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც პოსტ-საბჭთა სივრციდან ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, მილანში წავიდა:

 

„მინდა პირად მაგალითზე გითხრათ, რომ როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რკინის ფარდის მიღმა მყოფი სამყაროდან, ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში, მილანში  ჩავედი სათამაშოდ, მეგონა ძალიან გამიჭირდებოდა ამ უცხო ენობრივ, უცხო კულტურულ სივრცეში თავის დამკვიდრება. თუმცა, ჩემდა გასაკვირად ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ქართველისთვის ეს არ არის უცხო სივრცე და გარემო. მეტიც, ძალიან ადვილია ქართველისთვის ევროპაში თავის დამკვიდრება, რადგან მათაც ზუსტად ჩვენსავით ესმით თავისუფლების ფასი, ისინი ზუსტად ჩვენსავით იცავენ პირად თუ ოჯახის ღირსებას, მათაც ზუსტად ჩვენსავით შეუძლიათ მეგობრების გვერდში დგომა და ისინიც ზუსტად ჩვენსავით აფასებენ სიმამაცეს, ვაჟკაცობას თუ საერთო საქმისთვის თავდადებას.  ერთადერთი მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც მე მაშინ დავინახე, ეს იყო საქმისადმი განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულებები. იქ ადამიანის შრომას და საქმისათვის თავდადებას განსაკუთრებულად აფასებდნენ, ჩვენთან კი, 70 წლიანმა რეჟიმმა შრომისა და საქმისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეცვალა.

 

თუმცა, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, ეს დამოკიდებულებაც ყოველდღიურად, თაობიდან თაობამდე უმჯობესდება და დღეს მე, აქ შეკრებილი ახალგაზრდების სახით, ვხედავ ნამდვილ გულანთებულ ქართველებს, ენერგიით და მომავლის იმედით აღსავსე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და უნარი თავისი სიტყვა თქვან, ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ საკუთარ სამშობლოშიც, ევროპაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ კონტინენტზეც. დღეს აქ შეკრებილია დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული, თავისუფალი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტიაა“, - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საქართველო უკვე ევროკავშირთან ასოცირებული, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მაგრამ თითოეულმა ქართველმა, პირველ რიგში, ევროპა საკუთარ თავში, ყოველდღიურ ყოფაში უნდა დაამკვიდროს და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ოფიციალურ წევრად ქცევა, უკვე მხოლოდ ფორმალობა იქნება:

 

„ევროპაში, რა თქმა უნდა, უნდა შევიდეთ როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ევროპაში აუცილებლად უნდა შევიდეთ ინდივიდუალურადაც, როგორც თითოეული ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ფასეულობაა ამ კულტურულ სივრცეში.

 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია ამ ახალგაზრდობასთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასდროს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას; ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას; ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს; ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული. ევროპელობა არის კეთილსინდისიერება საკუთარ თავთან, თანამოქალაქეებთან, ეს არი საქმისადმი თავდადება, სამშობლოს სიყვარული და მოფრთხილება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან აკლია დღეს პოლიტიკურ სპექტრს“, - აღნიშნა კალაძემ.

 

კახა კალაძის განმარტებით, ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა:

 

„ჩემო ძვირფასო  ახალგაზრდებო, მჯერა რომ, თქვენ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები, უფროსი თაობის მიერ ევროპისკენ რთულად, წვალებით გაკვალულ გზაზე წარმატებით გაივლით, საქართველოს ევროპულ ოჯახში თავის  ადგილს სამუდამოდ, აუცილებლად დაუმკვიდრებთ. და დღეს, ჩვენი ხალხის, ჩვენი წინაპრების, დამოუკიდებელი საქართველოს მძიმე წლების, და მათ შორის ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევის ლოგიკური შედეგია ის, რომ საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. იმ ოჯახთან, რომელშიც ჩვენი ღირსეული ადგილი მუდმივად გველოდება და თქვენთან, თქვენს თაობასთან ერთად აუცილებლად დავიკავებთ ამ ადგილს ამჯერად  უკვე  სამუდამოდ, მყარად  და რაც მთავარია, ღირსეულად!

 

გილოცავთ თავისუფალ და ამაყ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისკენ გადადგმულ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს! ჩვენს ერთობას, ჩემო მეგობრებო წინ ვერაფერი დაუდგება, ჩვენ ერთად ყველა მიზანს მივაღწევთ, გამორჩეულ ადგილს დავიმკვიდრებთ ევროპაშიც და მთელს მსოფლიოშიც! ყოველთვის ვემსახურები ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ აქცია- ღონისძიებას "საქართველოს გზა ევროპისკენ" მართავს.

 

27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner