„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დამნაშავე რეჟიმს ახალგაზრდებიც აჰყვნენ და მათი გავლენის ქვეშ მოექცნენ“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში.
„ამბობენ, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ვასაზრდოებთ და მხოლოდ თავად იქნებიან ყველაზე სწორი პოლიტიკის გამტარებლები. ღმერთმა ქნას და საქართველოს უმრავლოს სწორი პოლიტიკის გამტარებლები, თუნდაც ოპოზიციაში. თუმცა, ჩვენ რა ჩამოყალიბებული პოზიციაც გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ამას მათი ხათრით, ან მათი ბრალდებების გასანეიტრალებლად ვერ შევცვლით. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც რევოლუციური სცენარის განვითარება სურს. რატომ მიიჩნევენ, რომ ერთმანეთს ვავსებთ, არ ვიცი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დამნაშავე რეჟიმს ახალგაზრდებიც აჰყვნენ და მათი გავლენის ქვეს მოექცნენ. ამ ახალგაზრდებს ემოციური კავშირი არა აქვთ იმ პერიოდთან, როდესაც მათ ტოლებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, თავისუფლებას და ღირსებას, სიცოცხლესაც კი ართმევდნენ. ახლა მე ამ შეფასებას ვერანაირად შევცვლი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციონირებაც უნდა მოახდინოს პარლამენტში შექმნილმა ახალმა ფრაქციამ ან „ლელომ“, - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.