საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული ძალიან სამწუხარო ფაქტის - 15 წლის დაშავებული მოზარდის საკითხის შესწავლაში და პირველ რიგში, იმედს გამოთქვამს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.
სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა.
სამინისტროში მუშაობს ასევე ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი 0800000088. სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი 2200220(3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220(3335)
ცხელი ხაზის ნომრები განთავსებულია, როგორც მანდატურის სამსახურის საიტზე, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
11 დეკემბერს, თბილისის ”მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა და კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა ამჟამადაც კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამ ფაქტს წინ უძღოდა ”მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რის გამოც არასრულწლოვანი პოლიციაში დაიბარეს და დაკითხეს. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მშობლის გარეშე არასრულწლოვნის გამოკითხვა, არც პირველ და არც მეორე დღეს არ განხორციელებულა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.