საქართველოში მიმდინარე მოვლენების ანალიზის ფონზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ საყმაწვილო სენისაგან და ვიმყოფებით პოლიტიკურ ეიფორიაში, ამასთან, გვავიწყდება, რომ თუ გვინდა, მსოფლიო ხალხთა ოკეანეში დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი, უნდა გაგვაჩნდეს მყარი ღირებულებები, რომლის გამოც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს, პატივს გვცემენ და ანგარიშს გვიწევდნენ და ეს უნდა იყოს მყარი და უცვლელი - როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკური კურსის ასპექტით. ჩვენში, სამწუხაროდ, რევანშისტული განწყობა სჭარბობს, სხვის ჯიბრზე ქცევა და არა შეჯიბრებითობა და ცივ გონებაზე განსჯა-ანალიზი. ამიტომ საზოგადოება დაიღალა მუდმივი ქიშპისა და არასტაბილურობის განცდისაგან, რომელზედაც მუშაობენ და გათვლილია ე.წ. ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცეული ტელევიზიები, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ ამოცანას შეადგენს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის საზღვრებს გარეთ პოლიტიკური ქაოსისა და ისტერიულობის სურათის შექმნა, რომ მათ აფიქრებინოს: ჩვენს ქვეყანაში სუფევს არასტაბილურობა, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი და ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესები გადაფარონ თითიდან გამოწოვილი პრობლემების ჰიპერბოლიზაციით და სიცრუის ტირაჟირებით წინა პლანზე წამოსწიონ მეორეხარისხოვანი პროცესები და საზოგადოება დააბნიონ, ამით ასწიონ პოლიტიკური დაძაბულობის მუხტი, დამალონ პოლიტიკური და ეკონომიკური ევოლუცია და ესიზმრებოდეთ მარტო რევოლუცია და დაკავებულნი იყვნენ მდარე პოლიტიკური პერფომანსებით. მაგალითად ისეთებისა, როგორიც იყო ამ ბოლო დროს პარლამენტის შენობაში სესიის მიმდინარეობისას მკვეთრი სუნისა და ალერგიულ-ტოქსიკური მოქმედების სითხის დაღვრა და სამუშაო პროცესის ჩაშლის მცდელობა, რასაც სამთავრობო ჯგუფი თუ სწორ და ადექვატურ შეფასებას მისცემს, მის შემსრულებლებს მინიმუმ პარლამენტს მაინც დაატოვებინებენ... ზოგი ამგვარ ოპოზიციას სამართლიანად „ტოქსიკური ოპოზიციის“ სახელით ამკობს, რაც რეალურად შეეფერება სინამდვილეს, ისინი მხოლოდ ჩასაფრებულის პოზიციაში არიან და მუდმივ რეჟიმში პედალირებენ მხოლოდ შეცდომა-ნეგატივებზე. ამ ქმედების უკან იმალება მძაფრი სურვილი, საკუთარი თავი საზოგადოებას წარმოუდგინონ იმ ერთადერთ ძალად, რომლის გარეშეც ქვეყნის სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია და უმადური ქართველი ხალხი ამას არ აფასებს, ანდა ვერ ჰხედავს... ამ კატეგორიის ხალხის გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ ემოციური პოლიტიკა პოლიტიკური სიბეცის მიმანიშნებელია და ახლომხედველობაზეა გათვლილი და არა შორეულ პერსპექტივაზე... რევანშისტულ ძალებს შევახსენებ, რომ ხალხს მოსწყინდა თქვენი ფუჭი მცდელობა პოლიტიკური დაძაბულობის მუხტის ასაწევად... სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მამების მიერ პოლიტიკურ საშოვარზე გამოსული შვილების მიერ ორგანიზებული ახლადგამოჩეკილი ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოყვანა, როგორიც არის „გაბედე“, „შეცვალე“, „სირცხვილია“ და მათ მიერ მოწყობილი არაერთი აგრესიული პიკეტირება, სამთავრობო-ადმინისტრაციული შენობების სიმბოლური დაბოქლომება, მაგრამ ეს ვერ გახდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან მიტმასნილი პოლიტიკური ნარჩენების ოცნების ახდენის საწინდარი, რომელთაც საკუთარი თავი დიდ ოპოზიციად წარმოედგინათ და „ყველა ერთის წინააღმდეგ“ - დევიზით მოქმედებას და რევოლუციურ აზვირთებას პროგნოზირებდნენ. სწორედ ამ მიზნით ლეიბორისტების ოფისში ხშირ-ხშირად იკრიბებოდნენ და სახავდნენ სხვადასხვა პერფომანსებს. საზოგადოებამ არ აიტაცა მათი დანაპირები, მათ კარგად ახსოვთ ის შავბნელი რეაქციის წლები, როდესაც ადრე მართავდნენ ქვეყანას ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში, სადაც აქლემისა და ნემსის ქურდი თანაბარი სიმკაცრით ისჯებოდნენ და სუფევდა მკაცრი შერჩევითი სამართალი, ფუნქციონირებდა ფულხენსიო ბატისტას დევიზი: „მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს - კანონი!!!“...
უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს დათვლა-ანგარიში 14 დეკემბრის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი საზეიმო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედაქალაქში ჩამოყვანილ ადამიანთა რაოდენობაზე. მთავარი რაოდენობა არაა, ხარისხია უპირველესი. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც რევანშისტული ღონისძიება, „ნაციონალებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის უკვე მარაზმად ქცეული პერმანენტული აქციების ფონზე, ნამდვილად ჩასატარებელი იყო ამ ჩასაფრებულ გიენათა და მათი სულისჩამდგმელების დასანახად... 5-7 ათასის ფონზე, რასაც ოპოზიცია ახერხებდა ამ ბოლო დროს, 50-100 ათასი, რა თქმა უნდა, ბევრია და ეს განსხვავება უნდა ეგრძნოთ მათ მოკავშირეებსაც დასავლეთში... ხოლო ეს ფაქტი ჩააჭედებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც უმთავრესი ოპოზიციური ძალის სარეცელზე ბოლო ლურსმანს, ამას მიმდინარე პროცესები დაგვანახებს, მაგრამ სასიკეთოდ რომ ვერ იმოქმედებს, ნათელია, რადგან ყოველგვარი პარამეტრებით, ეკონომიკური იქნება თუ პოლიტიკური, ქვეყანაში არაა კრიზისი, რომელსაც ასე დაჟინებით ამტკიცებენ ოპოზიციური ძალები, პირიქით, უკვე მერამდენე დღეა მიმდინარეობს ლარის გამყარება და იმედია თავის რეალურ ნიშნულს დაუბრუნდება... როგორც ეკონომიკური ექსპერტები ამტკიცებენ, ამ თვეში 1.4%-ით გაიზარდა მატება და მის კვლავ ამაღლებას წინასწარმეტყველებენ, ისინი გვიანონსებენ, რომ ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარეობს და დღევანდელი სამთავრობო გუნდის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მთლიანობაში ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს...
გვესმის, პროცესების ცხელ გულზე შეფასება წამგებიანია, მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროა საზოგადოებას თვალი ავუხილოთ და გავაგებინოთ, რომ ერისა და ქვეყნის ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისა თუ პარტიისა, ამიტომ ვიყოთ ფხიზლად და ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს და ქვეყანა შესაძლო რყევებისაგან ვიხსნათ და არ ჩავუგდოთ იგი ლამის დინოზავრებად გადაქცეულ ვაიპოლიტიკოსებს, რომლებმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანა გააცამტვერეს და ახლა თავიანთი ნაშიერები გამოიყვანეს ბრძოლის წინა ხაზზე თბილი ადგილების და შემოსავლების შესანარჩუნებლად! არა ბოკერიასნაირ ნაცანასხლეტებს და მის დასავლეთელ დამქაშებს! ფეხი ავუწყოთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და სწორი პოზიცია გამოვხატოთ ქვეყნის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით!!!... საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!...
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ოსიძე