საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, გუშინ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა გამოთქვამს იმედს, რომ მეოთხე რაუნდიც გაიმართება.
„გუშინდელი მოლაპარაკებები იყო საკმაოდ რთული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მხარეს აქვს სურვილი, გაგრძელდეს შეთანხმების ძიება, რათა მოხდეს იდენტიფიცირება იმ სფეროების, რაზეც შესაძლებელი იქნება საუბარი. ჩვენ, როგორც შუამავლები, ვცდილობთ, ვიპოვოთ მისი გაგრძელების გზები და ამის მერე ვურჩიოთ მხარეებს, გაიმართოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი“, - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.
კარლ ჰარცელმა უზენაესი სასამართლოთა დამტკიცების თაობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, არსებობს გარკვეული შეკითხვები და წუხილები მოსამართლეთა დასახელების პროცესთან დაკავშირებით.
„მისასალმებელია, რომ შეიქმნა შერჩევის პროცედურები, გაიმართა ღია და გამჭვირვალე მოსმენები პარლამენტში. ეს დადებითი მოვლენაა, რადგან ეს არის პრეცედენტი მომავლისთვის. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეკითხვები და წუხილი დასახელების პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ იმას, თუ რაც იქნა მიღწეული, თუმცა, არის ის, რაც უნდა გაკეთდეს მომავალში. ასევე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის მოსაზრებები, რომლებიც ვენეციის კომისიიდან, ეუთო/ოდირიდან და სხვა დამკვირვებლებიდან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებიდან გაისმა“, - განაცხადა ჰარცელმა.