„დღეს ჩვენი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში, განპირობებულია მაღალი ექსპორტით. ჩვენი ამოცანაა, მომავალ 2020 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყოს ორი მთავარი ფაქტორით - ეს არის ინვესტიციები და ექსპორტის განვითარება. ბოლო სტატისტიკა, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების ნაწილში, ინვესტორების გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს, მაგრამ არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინვესტიციები იმიტომ, რომ შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა მედიასთან კომენტარი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა საზოგადოებას 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი მხრივ, ახორციელებს მასშტაბურ პრივატიზაციას - ეს არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს,“ რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება, პარალელურად, მომზადდა 2020-2021 წლების პროაქტიური სტრატეგია ინვესტორების მოსაზიდად.
„ჩვენ კი არ ველოდოთ, სანამ ინვესტორი იპოვის საქართველოს რუკაზე, არამედ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველომ მოინიშნოს ინვესტორების რუკაზე. ამისთვის გამოვკვეთეთ პრიორიტეტული სექტორები, მათ შორის არის ახალი მაღალტექნოლოგიური სექტორები, მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობებისა და ავტო და თვითმფრინავების ნაწილების წარმოება და ა.შ. პარალელურად, არის ტრადიციული სექტორებიც, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება - ეს არის მსუბუქი მრეწველობა, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, დეველოპმენტი, სასტუმროები, ენერგეტიკა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიზნობრივად, წარმატებით ვიმუშავებთ ამ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.