„პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის „ქართულმა ოცნებამაც“, აჩვენეს, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში აქვთ თავისუფალი და ობიექტური პოზიციები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წლის შეფასებისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა საქმიანობის პერიოდში აჩვენა, რომ არ არის ანგარიშვალდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
„როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხს, მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები აქვს. პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის „ქართულმა ოცნებამაც“, აჩვენეს, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში აქვთ თავისუფალი და ობიექტური პოზიციები. პრეზიდენტს ძალიან აქტიური საერთაშორისო ვიზიტები ჰქონდა, სადაც მსოფლიო ლიდერებს შეხვდა. მან გადადგა ნაბიჯები კულტურის, ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის. ასევე, ქველმოქმედების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა. ამ პერიოდში იყო სირთულეები, ვინაიდან პირველად ხდება, როდესაც საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი, რომელიც რეალურად, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. დარწმუნებული ვარ, ამ სირთულეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოერევა და ინსტიტუტები ფუნქციონირებას ნორმალურად გააგრძელებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.