logo_geo
eng_logo
პროკურორი: ჩვენ სწორედ განზრახ დანაშაულს ვედავებით ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილს
- +

16 დეკემბერი. 2019. 16:14

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური  დირექტორის ნიკა  გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო  განხილვა გრძელდება. სასამართლო მხარეების  მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავს.

 

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე  მხარეების მიერ მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ დაყენებული შუამდგომლობების განხილვა გაგრძელდება.

 

„როგორც მოგეხსენებათ, მხარეებმა დავაყენეთ ერთმანეთის მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობა, დღეს უნდა გაგრძელდეს აღნიშნული შუამდგომლობების განხილვა. რაც შეეხება სახალხო დამცველის მოსაზრებას, სახალხო დამცველის მოსაზრება, როგორც მოსაზრება, დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, იურისტებისთვის ძალიან მარტივად გასაგები,  მოსაზრება არ შეიძლება იყოს მხარის მტკიცებულება, სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დაცვის მხარის სასამართლოზე წარსადგენ ნუსხიდან,  როგორც მტკიცებულება, ამორიცხულ იქნას სახალხო დამცველის მოსაზრება და ის როგორც მტკიცებულება არ დაერთოს საქმეს. მოსაზრება, კი ბატონო, დაერთვება როგორც მოსაზრება  და ექნება მოსამართლეს მისი გაცნობის შესაძლებლობა. როგორც არაერთხელ გავაჟღერეთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს შესაბამისი წესების დაცვას -  იმისათვის,  რათა მოწმედ დაიკითხოს პირი, საჭიროა, არსებობდეს გამოკითხვის ოქმები და ეს გამოკითხვის ოქმები გადაეცეს მეორე მხარეს და გადაეცეს სასამართლოს. მსგავსი გამოკითხვის ოქმები დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ამ 45 პირთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ დასაკითხ პირთა სიიდან ხსენებული პირები იქნენ ამორიცხული და მათი დაკითხვა აღარ მოხდეს“, - განაცხადა პროკურორმა.

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველი საკუთარ მოსაზრებაში არ მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმე არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

„იქ წერია, რომ შესაძლებელია იყოს სამოქალაქო წესით, შესაძლებელია სისხლის სამართლის წესით და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მსგავსი დარღვევა განეკუთვნება თუ არა სისხლის სამართლის დასჯადობის კატეგორიას და იქვე მიუთითებს სახალხო დამცველი, რომ უხეში გაუფრთხილებლობა ან განზრახი დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს და ჩვენ სწორედ განზრახ დანაშაულს ვედავებით - განზრახი დანაშაული სახალხო დამცველის აზრითაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner