„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. 2010-2013 წლებში, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი გიგა ბოკერია იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, გამოძიებას აქვს კითხვები მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქმის გამომძიებელმა ბექა კვიციანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ბოკერიას დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის დამატებითი გამოკითხვის საჭიროება საქმეზე ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა განაპირობა. გამომძიებელმა ბექა კვიციანმა ასევე განმარტა, რომ რადგან საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, იგი საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა. სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, შესაბამისად, შეზღუდულები ვართ შესაძლებლობის მხრივ და საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და რამდენიმე წელია მიმდინარეობს გამოძიება, დადგა გიგა ბოკერიას დამატებით გამოკითხვის საჭიროება და შესაბამისად, მას დაესმება კითხვები“,- განაცხადა გამომძიებელმა.