„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეებს ავალდებულებს, რომ მათ წარადგინონ კონკრეტული დოკუმენტები, გამოკითხვის ოქმები, რომლითაც ისინი დაასაბუთებენ რა ფაქტთან დაკავშირებით, რა დოკუმენტთან დაკავშირებით სურთ ამა თუ იმ მოწმის დაკითხვა.
„ზოგადად პროცესი არ მიმდინარეობს ვარაუდებთან დაკავშირებით, უნდა იყოს ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნობა სასამართლო. ჩვენი არგუმენტი არის სწორედ ეს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არის დარღვეული, როდესაც დაცვის მხარე აპელირებს სხვადასხვა პირების დაკითხვაზე. თუ ვინმე გარკვეულ ინფორმაციას ფლობს ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ნებისმიერი პირის დაკითხვა არის ბრალდების მხარისთვის საინტერესო, უბრალოდ, აქ არის ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი გარემოება, უნდა წარმოადგინოს კონკრეტულმა მხარემ დოკუმენტაცია, ოფიციალური მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შეგვეძლება ვივარაუდოთ, რომ ესა თუ ის პირი ფლობს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციას“, - განაცხადა პროკურორმა.
მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარეს გამოტანილი აქვს დადგენილება და დაზარალებულად ცნობილია „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“.
„აღნიშნული დადგენილება გაეცნო „რუსთავი 2“-ის წარმომადგენელს , კონკრეტულმა პირმა წაიკითხა დადგენილება, გაეცნო ასევე სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაზარალებულის წარმომადგენელმა თავი ცნო დაზარალებულად და განაცხადა, რომ ნამდვილად, ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ქმედებით „რუსთავი 2“-მა განიცადა ზიანი“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.