არასტაბილური და კრიზისული გარემო პირდაპირ აისახება ინვესტორთა გადაწყვეტილებაზე, დააბანდონ ფინანსური რესურსი თუ დაელოდნონ მომავალს. ინვესტიციებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის სტაბილურობა, ბიზნეს გარემო და მოლოდინებია - აცხადებს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „დღის ქრონიკაში“.
გურამ ნიკოლაშვილმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის მიერ, ინვესტიციების მაჩვენებლებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დეკემბერში საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, ზაფხულის პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოს ეკონომიკას თავისი კვალი დაატყო. განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორს, სადაც რუსეთთან ავიამიმოსვლის შემცირებამ ათეულობით მილიონი მოაკლო ინდუსტრიაში დასაქმებულების შემოსავლებს. ტურიზმის სექტორი კი თავისი მხრივ უამრავ დაკავშირებულ ინდუსტრიას მოიცავს. ამასთანავე, ტურიზმი რჩება ყველაზე მიმზიდველ სექტორად ინვესტიციების ჩასადებად.
„თუ საინვესტიციო მდგომარეობას შევხედავთ ზოგადად და არა მხოლოდ ტურიზმის კუთხით, ცხადია რომ არასტაბილური და კრიზისული გარემო პირდაპირ აისახება ინვესტორთა გადაწყვეტილებაზე, დააბანდონ ფინანსური რესურსი თუ დაელოდნონ მომავალს. ინვესტიციებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის სტაბილურობა, ბიზნეს გარემო და მოლოდინებია”, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.