საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპულ გამოცემა „ობსერვერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაბლოკვის საშუალება არა აქვს, ბიძინა ივანიშვილი კი ქვეყანას არ მართავს.
გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „დაველოდოთ, გააცნობიეროს რუსეთმა, რომ უნდა გავხდეთ NATO-ს წევრი" სკანდალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა.
„მისი კომენტარი აღქმული იყო იმ კონტექსტში, რომ მოსკოვს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო პოლიტიკას ვეტო დაადოს", - წერს „ობსერვერი" და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეს ვერსია უარყო.
„რუსეთს NATO-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადება არ შეუძლია", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი გამოცემასთან საუბარში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევრაზიის კონტინენტის ნახევრის დესტაბილიზაცია მოახდინოს.