„აგვისტოს ომის გამოძიების შედეგი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ ნებაზე", - ამის შესახებ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას აცხადებს. როგორც ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰააგის სასამართლოზე გავლენას ახდენს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, თუმცა, მონდომების შემთხვევაში, ადვილი დასადგენია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებული მხარე საქართველოა.
„შედეგი იქნება, მაგრამ არა უახლოეს ხანებში. ამას წლები დასჭირდება. ეს შედეგი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ სიტუაციაზე. დასამალი და საიდუმლო არ არის, რომ ეს სასამართლო გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურასაც ექვემდებარება. ავიღოთ იუგოსლავიაში განვითარებული მოვლენები, როდესაც ჰააგის სასამართლომ ერთი მხარე დასაჯა და მეორე მხარე გაამართლა, მაშინ, როცა მათაც ჰქონდათ ჩადენილი სამხედრო დანაშაული. უბრალოდ, იმ დროს ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ მილოშევიჩი უნდა გამოჩენილიყო სამხედრო დამნაშავედ.
რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, ვფიქრობ, რომ ომში ანგელოზი არავინაა და ყველა ერთმანეთს ხოცავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, დაზარალებული ქართული მხარე იყო. ჩვენ დავმარცხდით ამ ომში. შეიძლება, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მეტი პრეტენზია რუსეთს ჰქონოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რეალობაა ის, რომ მოხდა ქართველების ეთნოწმენდა. ათიათასობით ქართველი გამოაძევეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მონდომებისა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არ არის ძნელი დასადგენი, რომ ქართველების მიმართ დანაშაული ჩაიდინეს და კონკრეტული დამნაშავეები უნდა დაისაჯონ", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.