ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის პროკურორის ელენე ჩხეიძის განცხადებით, ბრალდების მხარემ მოიპოვა უტყუარი მტკიცებულებები, რათა საჯაროდ განაცხადოს, რომ ბრალდებულმა ქმარსა და შვილს საკუთარი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე.
პროკურატურამ ნაფიცი მსაჯულებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე გარდაცვლილების - ომარ ქაფიაშვილისა და მაგდა პაპიძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოები წარადგინა, რაზეც თავად ბრალდებულმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
შესავალი სიტყვის დროს პროკურორმა მაგდა პაპიძისა და ომარ ქაფიაშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა და გაიხსენა ოთარ ბერძენიშვილი, რომელიც, პროკურორის თქმით, ბრალდებულს შეუყვარდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი ცხოვრება შეეცვალა.
„ოთარ ბერძენიშვილის მიმართ გაუჩნდა სიმპათიები, რის გამოც დაეძაბა ურთიერთობა მეუღლესთან. ამის შემდეგ დაიწყო გამომწვევად ჩაცმა და „ფეისბუქზე" ფოტოების ამგვარ ფორმაში განთავსება. არაერთხელ ჰქონდა მას სექსუალური ურთიერთობა ბერძენიშვილთან. მაგდა პაპიძეს შეუყვარდა ბერძენიშვილი და გადაწყვიტა ცხოვრების თავიდან დაწყება, თუმცა ბერძენიშვილის გრძნობა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც მაგდასი.
მაგდა პაპიძეს რომ შეენარჩუნებინა ბერძენიშვილი, ცდილობდა მისგან დაორსულებას. პაპიძემ წარსული ცხოვრებიდან გასათავისუფლებლად ყველაზე სასტიკი გზა აირჩია", - განაცხადა პროკურორმა.
ელენე ჩხეიძის თქმით, მის ხასიათს სრულად შეესაბამებოდა ამგვარი ქმედებები, რადგან არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, სადაც მითითებულია, რომ მაგდა პაპიძე „თეატრალიზმით და არტისტიზმით არის დაჯილდოებული".
„საბედისწერო ჩანაწერი", - ასე უწოდა პროკურორმა რვეულში გაკეთებულ ჩანაწერს, რომელიც ელენე ჩხეიძის თქმით, წარმოადგენდა დაგეგმილი მკვლელობის გეგმას.
პროკურორის თქმით, პაპიძის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მაგდა პაპიძეს შვილისა და მეუღლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.