logo_geo
eng_logo
15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს
- +

17 დეკემბერი. 2019. 23:27

 

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.



​როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

 

"გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი - კერძოდ, დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ, თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამოღებული და დათვალიერებულია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი. გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები - სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება

 

როგორც ლონდა თოლორაია აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით.



​სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა. 

 

აღსანიშნავია, რომ 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner