logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: მჯერა, რომ ასეთი ტრაგედიები მთელ საზოგადოებას უნდა გვაერთიანებდეს
- +

18 დეკემბერი. 2019. 14:57

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საკითხს კომიტეტის სხდომის დაწყების წინ გამოეხმაურა.

 

„ყველანი შეგვძრა და დაგვამწუხრა ლუკა სირაძის გარდაცვალების ამბავმა. მინდა მის ოჯახს და განსაკუთრებით კი ლუკას დედას მივუსამძიმრო და სიმტკიცე ვუსურვო.

 

საქართველოს პარლამენტი დიდი ყურადღებით დააკვირდება საგამოძიებო პროცესს, რადგან კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

 

ყველა ჩვენგანისთვის ეს თემა უნდა იქცეს მთავარ საყურადღებო საკითხად და უნდა მოვახდინოთ სათანადო კონცენტრაცია ამ საქმეზე, რათა დადგინდეს მიზეზები და მოხდეს ზედმიწევნით სრულფასოვანი სამართლებრივი რეაგირება.

 

ჩვენ ახლა ვხედავთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის აქტიურ საგამოძიებო სამუშაოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე და ვიმედოვნებ, რომ სრული ობიექტურობით და ეფექტიანობით მიიყვანს გამოძიებას ეს ინსტიტუტი ბოლომდე.

 

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ყოვლად ამაზრზენია ამ ტრაგედიის პოლიტიკური ამოცანებისთვის ყოველგვარი - პირდაპირი თუ ირიბი ფორმით გამოყენება და ამით ვაჭრობა.

 

მჯერა, რომ ასეთი ტრაგედიები ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას უნდა გვაერთიანებდეს და არა პირიქით, გვყოფდეს, უნდა გვაერთიანებდეს იმისთვის, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვერიოთ პრობლემას, რამაც ეს სამწუხარო და სავალალო შედეგი მოიტანა“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner