logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებს
- +

18 დეკემბერი. 2019. 15:40

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, დემოკრატიის ეროვნული ფონდის („NED“) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („USAID“) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანის, ასევე „USAID“-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილეს ალექს სოკოლოვსკის და ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში გატარებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის ისეთ სფეროში როგორიც არის მართლმსაჯულება, ასევე საარჩვენო რეფორმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება უახლოეს მომავალში „OSCE„/„ODIHR“-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ საპასუხოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და პრიორიტეტებს.

 

საუბრის მთავარი თემა იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

 

„პოზიტიური და საინტერესო შეხვედრა იყო, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მეგობრებს ვხვდებით. ვსაუბრობთ იმ მიღწევებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. 2020 ძალიან საინტერესო წელი იქნება, ამიტომ, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, სხვადასხვა მიმართულებებზე, რომლებზეც კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მუშაობა“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დემოკრატიის ეროვნული ფონდის („NED“) პრეზიდენტთან,  კარლ გერშმანთან შეხვედრის შემდეგ.

 

„განვიხილეთ საკითხები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. გვქონდა საუბარი ჩვენს თანამშრომლობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რომელსაც დემოკრატიის ეროვნული ფონდი ასრულებს საქართველოში. ისინი აფინანსებენ  არაერთ პროექტს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ ვითანამშრომლოთ და ეს ინტერესი გამოიხატა კიდევ ერთხელ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტის მხრიდანაც. დარწმუნებული ვართ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მჭიდრო და პროდუქტიული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და აშშ-ის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner