2004-2012 წლებში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხზე პარლამენტმა სპეციალური დადგენილება მიიღო. დადგენილებას დეპუტატებმა 81 ხმით ერთხმად დაუჭირეს მხარი.
7-გვერდიანი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა, რომელიც კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ანგარიშის საფუძველზე დაიწერა.
დადგენილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი და შესწავლილი სამართლებრივი მასალებისა და დასკვნის საფუძველზე, წარსულში (2004-2012წწ) ჩადენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აძლევს შემდეგ სამართლებრივ შეფასებას:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო,სისტემურ ხასიათს;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობის გამოყენებას ჰქონდა ინტენსიური ხასიათი;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებას;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ემსახურებოდა ტოტალური შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში;
ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი;
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდების გამოყენების თაობაზე მითითება ხშირ შემთხვევაში მომდინარეობდა პროკურატურის მხრიდან და ემსახურებოდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სასურველი შედეგის მიღწევას;
თ)ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ძალოვანი უწყებების ხელში სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტურ მექანიზმი;
ი)პროკურატურა, როგორც სამართლებრივი დაცვის მექანიზმი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, არ ფუნქციონირებდა;
კ) სასამართლო ხელისუფლება პროაქტიურად არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოყენების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით;
მ) ადვოკატები, ცალკეულ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს;
ნ) ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო პარლამენტი ადგენს: საქართველოს კონსტიტუციის, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1984 წლის კონვენციის - წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 1987 წლის კონვენციით გაცხადებული პრინციპების - შესაბამისად; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად: საქართველომ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ღირსებისა და პატივის განუხრელი დაცვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა; საქართველომ უნდა შეიტანოს კონტრიბუცია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში;
საქართველომ უნდა მიიღოს ქმედითი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, სასამართლო ან სხვა სახის ზომები, რათა თავიდან აიცილოს წამების აქტები მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ტერიტორიაზე; საქართველოში უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტური პრინციპისა და სხვა უმთავრესი ღირებულებების საწყისის.
საქართველომ პატივი უნდა სცეს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი თითოეული ადამიანის თანასწორ და ხელშეუვალ უფლებებს, ვინაიდან „ეს უფლებანი გამომდინარეობს ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი თანდაყოლილი ღირსებიდან". არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს ომის მდგომარეობა ან ომის საფრთხე, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა თუ ნებისმიერი სხვა სახის საგანგებო ვითარება, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წამების გასამართლებლად. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ყოველთვის უნდა იყოს გამოხატულად მკაცრი და შეურიგებელი ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის მიმართ, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური მთლიანობის, მისი პატივისა და ღირსების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტი იღებს ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები ყველა სათანადო სამართლებრივი გარანტიის შესაქმნელად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის, მსგავსი ფაქტების ეფექტური გამოძიებისა და მსხვერპლთა სათანადო დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - ნათქვამია პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში.
პროექტს თან ახლავს პარლამენტის რეკომენდაციები მთავრობისადმი. ამასთან, განხილვის პროცესში დადგენილებას დაემატა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ აეკრძალოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება იმ ადამიანებს, ვინც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არიან ან იქნებიან ცნობილი წამების დანაშაულებისათვის - ეს არის წამება, წამების მუქარა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა.