საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 15 წლის მოზარდის, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, ლუკა სირაძის მიერ ძველი სკოლის კედელზე განთავსებული წარწერა „ამ ცხოვრების დედაც!“, მის პოლიციაში დაბარებამდე გაჩნდა, ამდენად, გამოსაკვლევია, ვინ ან რამ მიიყვანა ბავშვი ცხოვრების ასეთ შეფასებამდე?
როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, წარწერის - „ამ ცხოვრების დედაც“ პოლიტიკურ სლოგანად ქცევა და მისი ტირაჟირება, სარისკოა და სხვა ბავშვების ფსიქიკას აზიანებს.
როგორც დეპუტატი განმარტავს, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მსგავსი სლოგანებისა თუ ფაქტების ასეთი ინტენსივობით ტირაჟირება, სუიციდის რეციდივის მაპროვოცირებელია, მით უმეტეს, მოზარდებში. ლუკა კი პირიქით, ბევრ მის თანატოლს გადაარჩენს!..
„წარწერა “ამ ცხოვრების დედაც”, გაჩნდა პოლიციაში დაბარებამდე. გამოძიება ასევე, უნდა დაინტერესდეს, ვინ ან რამ მიიყვანა ბავშვი ცხოვრების ასეთ შეფასებამდე. აბსოლუტურად მისაღები, ბუნებრივი და გასაზიარებელია გულწრფელი პროტესტი მომხდარ ფაქტზე, მაგრამ უმძიმესი მოსასმენია, როცა თვითმკვლელობის ფაქტით არიან აღშფოთებული მკვლელები“, - აცხადებს მდინარაძე.
მისივე თქმით, ეს ის ადამიანები არიან, რომელიც "ნულოვანი ტოლერანტობის" ეგიდით არასრულწლოვნის პასუხისმგებლობის ასაკის 12 წლამდე დაწევას ცდილობდნენ (რაც სტალინის შემდეგ სხვას არავის მოფიქრებია).
„ თუმცა, ახლა ამის დრო არ არის...“, - წერს სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.