„რაღაც უკანონობის ნიშნები არის და გამოძიება დაადგენს, არის თუ არა უკანონოდ მოპოვებული შსს-სთვის გადაცემული მასალა“, - ამის შესახებ „საია“-ს იურისტმა რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არასრულწლოვანის საქმეში უკანონობის ნიშნები ჩანს.
„გადაგზავნის ნაწილი არ ვიცი. ვინ გაუგზავნა შსს სქრინები, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაღაც უკანონობის ნიშნები არის და გამოძიება დაადგენს, მართლაც არის თუ არა უკანონოდ მოპოვებული შსს-თვის გადაგზავნილი მასალა. სკოლას ან ნებისმიერ პირს შსს-სთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ინფორმაციის გაგზავნა, თუ მაგალითად, ჩვენ მიმოწერას ნებაყოფლობით მივცემთ, მაგრამ მიმოწერის მიცემა, თუ მაიძულეს ან ჩემი ნება შებოჭილია, ამ შემთხვევაში დანაშაულია. შეიძლება სკოლას დაეწყო შიდა გამოძიება, მაგრამ გამომძიებელი ამას ვერ ჩადებს საქმეში. თავიდან უნდა ჩატარდეს გამოძიება“, – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.
ინფორმაციისთვის, 12 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა, ის გუშინწინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.