„მსგავსი პერფორმანსებით, მოზარდებში უიმედობის განცდას ვიწვევთ და სუიციდს ვახალისებთ“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, გეშტალტთერაპევტმა დალი ლაშხიძემ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ფსიქოლოგი საზოგადოებას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებსა და მედიას, სუიციდის თემასთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მიუხედავად საზოგადოების აღშფოთებისა მომხდარი ფაქტის გამო, მსგავსი პერფორმანსები, მოზარდებისთვის დიდ საფრთხეს შეიცავს.
როგორც ფსიქოლოგი „Spacesnews“-თან საუბარში ამბობს, გარდაცვლილი მოზარდის მიერ სკოლის კედელზე დატოვებული წარწერის გამოყენება, რომელმაც მთელი საქართველო, მედია და პოლიტიკური სპექტრი მოიცვა, მოზარდებში კიდევ უფრო მეტი უიმედობის და გამოსავლის არარსებობის განცდას იწვევს, რაც ხელს უწყობს არასრულწლოვნებში სუიციდის წახალისებას.
„მსგავსი პერფორმანსები არ არის სწორი მხარდაჭერის ფორმა. ამან მართლაც შეიძლება გააჩინოს უიმედობის და გამოსავლის არარსებობის განცდა, მით უფრო მოზარდებში. ამასთან, პოლიტიკური ელფერის მიცემა მოვლენებისთვის, არ არის მართებული. ის რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გვაიძულებს დავფიქრდეთ და გავაკეთოთ რევიზია. ეს შეეხება როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების, საგანმანათლებლო და სამართლებრივი სისტემების როლს, მათ პასუხისმგებლობას. ზოგადად, თვითმკვლელობა შეიძლება მოხდეს ან აფექტურ მდგომარეობაში, ან მრავალი სხვა მიზეზით იყოს განპირობებული. ანუ, ჰქონდეს გარკვეული წინაპირობა. მაგალითად, ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური ან სიტუაციური, ან ყველა ერთად. ბავშვებს და მოზარდებს არ შესწევთ იმდენი უნარი, საკმარისი გამოცდილება და ცოდნა, რომ ყოველთვის პირდაპირ ნათლად გადმოგვცენ თავისი პრობლემები. ამიტომ, ჩვენი ვალია და რაც მთავარია, გვქონდეს ნება-სურვილი, რომ შეგვეძლოს მათი როგორც ვერბალური, ისე ქცევითი მესიჯების წაკითხვა“, – განაცხადა ფსიქოთერაპევტმა.
ფსიქოლოგის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის ჩარევა უკიდურეს შემთხვევებში მოხდეს.
„მოზარდობა არის ყველაზე მგრძნობიარე პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, სახელმწიფო ინსტიტუციები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ მათთან შეხება, უნდა ითვალისწინებდნენ ამ ასაკობრივ თავისებურებებს და ფლობდნენ შესაბამის ცოდნას. პოლიციის ჩარევა კი უნდა ხდებოდეს უკიდურეს შემთხვევებში“, – აღნიშნა „Spacesnews“-თან საუბარში ფსიქოლოგმა.