ნიკა გოგუაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს ყინწვისის ცნობილი სპეცოპერაციის დროს დააკავეს, შემდეგ კი სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს კიდეც, წლების შემდეგ პოლიტპატიმრად აღიარეს. ამა წლის 27 ივნისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიება კანონდარღვევებით მიდიოდა. ევროსასამართლომ გოგუაძის წამებაც აღიარა და სახელმწიფოს სოლიდური კომპენსაციაც დააკისრა.
ირკვევა, რომ გოგუაძე 2011 წელს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილმა გამომძიებელმა, მარაიანა ჩოლოიანმა დაჰკითხა.
ყოფილი პატიმარი „პრაიმტაიმთან“ იხსენებს, რომ უშუალოდ მარიანა ჩოლოიანი მას, ცხადია, ფიზიკურად არ შეხებია, თუმცა, მისი თქმით, გამომძიებელი დაკითხვის დროს ცინიზმით გამოირჩეოდა და არჩადენილი დანაშაულის აღიარებას ითხოვდა, მისი ოთახიდან გასვლისთანავე კი სხვები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... ნიკა გოგუაძეს, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, 15 წლის ლუკა სირაძის დაკითხვაზე ვთხოვეთ კომენტარი:
„მარიანას მისთვის რომ დაერტყა, ხელი თვითონ მოტყდებოდა, ისეთი გამხდარი იყო. არც სხვები შეეხებოდნენ მას - მოზარდი იყო და თანაც, როგორც ვიცი, დედასთან ერთად მივიდა პოლიციაში. ვგულისხმობ ჩოლოიანის ცინიზმს. ეს მისი მუშაობის სტილი იყო - ცინიკური და ირონიული. ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საერთოდ არ აინტერესებს სიმართლის დადგენა და წინასწარ იცის, რა უნდა ჩაიწეროს დაკითხვის ოქმში.
9 წლის წინ გაცილებით პატარა იყო და ალბათ ამიტომ, გვერდით ჭკუისდამრიგებელი ეჯდა, შედარებით გამოცდილი კაცი... ჩოლოიანი ჩემგან სასურველ პასუხს რომ ვერ მიიღებდა, თავს უკმაყოფილოდ გადააქნევდა, ირონიულად გაიღიმებდა, სიგარეტს მომაწვდიდა და თვითონ შესვენებაზე გადიოდა. ამ დროს ოთახში შემოლაგდებოდნენ ჯანიანი პოლიციელები. დამიშვებდნენ თავზე წიხლებს, სკამებს ბოთლებს, ისევ დამლეწავდნენ გონების დაკარგვამდე“.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში დაკითხეს, მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის გუშინწინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გუშინწინვე, ჩვენების გამოძალვის მცდელობის მუხლით გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.