„ინვესტორის უფლებაა, ბოლომდე ისარგებლოს ვადით“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც კაპიტალის მოზიდვისა და პორტის მშენებლობის დასასრულებლად ხელშეკრულებების გაფორმების ვადა წლის ბოლოს ეწურება.
ნათია თურნავა ამ საკითხზე ვადის ამოწურვამდე კომენტარისგან თავს იკავებს. ამასთან, ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა.
„მოდით, ბოლომდე დავაცადოთ ოფიციალური, ფორმალური ვადის ამოწურვას. ეს არის ინვესტორის უფლება, ბოლომდე ისარგებლოს ამ ვადით. რაც შეეხება პროექტის შემდგომ პერსპექტივებს, ერთი რამ ცხადია, პროექტი არის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე. ერთი მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისა და დერეფნისთვის, ცალსახად გვჭირდება ღმრაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ, ეს არის სტრატეგიული პროექტი ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი ასეთი რეგიონული პროექტი იარსებებს საქართველოში, მით უფრო დაცული ვართ და ჩვენი უსაფრთხოების ხარისხიც იზრდება“, – განაცხადა თურნავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პორტის პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
„პორტის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება და პროექტი აუცილებლად განხორციელება, რა სტრუქტურით, ამაზე უკვე ვიმსჯელებთ, როდესაც ინვესტორისთვის მიცემული ოფიციალური ვადა ამოიწურება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარედგინა, 16 დეკემბერს ამოიწურა. 31 დეკემბერი კი, საბოლოო ვადაა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.
კონსორციუმმა 16 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი ინვესტორის მოძიებაზე და ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის იმედზეა საუბარი.