„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შუამდგომლობა დასაბუთებულია საფრთხეებით, ეს არის მტკიცებულებების მოპოვების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე“, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
პროკურორმა ასევე განმარტა, რომ საქმე ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს და სხვა ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილ იქნა საქართველოს სსკ-ს 335-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
„აღნიშნული გულისხმობს მოწმეთა ზემოქმედებას გამოძიების ეტაპზე, როდესაც ხდებოდა არასრულწლოვანთა მიმართებით ჩვენების მიცემის იძულება“, - აღნიშნა ლევან ქუთათელაძემ.
პროკურორის თქმით, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2 პირი, საუბარია დანაშაულის 2 ეპიზოდზე და ბრალდების მხარე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი მტკიცებულება არსებობს.