logo_geo
eng_logo
ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულებრივი ქსელის წევრებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- +

20 დეკემბერი. 2019. 18:52

 

 

 

ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის წევრ საქართველოს მოქალაქეებს  ა.კ.-ს და მ.კ.-ს  საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 7  და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელის საქართველოს მოქალაქე წევრების გამოსავლენად,  აშშ-ისა და ხუთი ევროპული ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ორ წელზე მეტი დასჭირდათ.

 

ქართველმა სამართალდამცავებმა, აშშ-ს კომპეტენტური ორგანოებიდან, 2017 წელს  მიიღეს   შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების  შესაძლო ჩართულობაზე  იმ დანაშაულებრივ ქსელში, რომელიც  „გოზმინის“ სახელით ცნობილ მავნე პროგრამას იყენებდა და შედეგად, ასეულ მილიონობით  დოლარის ზიანი მიაყენა დაზარალებულებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არ იყო დაზარალებული, ქვეყანამ  იმთავითვე გამოხატა  მზაობა, მონაწილეობა მიეღო ყოველმხრივ და სრულყოფილ გამოძიებაში, წარმოეჩინა შესაძლებლობები და ღირსეული პარტნიორობა გაეწია აშშ-სა და სხვა ქვეყნებისთვის.

 

საქართველოდან აშშ-ში გაიგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, რომელთა შესასრულებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევა განახორციელეს აშშ იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისმა, პენსილვანიის შტატის დასავლეთ ოლქის პროკურატურამ და გამოძიების ფედერალური ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისმა. მათ მიერ მოწოდებულმა საგამოძიებო მასალებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს იმ წარმატებაში, რასაც ქართულმა მხარემ მიაღწია.

 

შუამდგომლობების შესრულების პროცესში წამოჭრილი საკითხების განსახილველად ფართოდ იყო გამოყენებული ვიდეო და აუდიო კონფერენციების ფორმატი, რაშიც ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარა  აშშ-ის საელჩო თბილისში..

 

თუმცა, მონაწილე ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში ურთიერთობა საკმარისი არ აღმოჩნდა გამოძიების პროცესის დასაჩქარებლად.  დანაშაულებრივი ქსელის წევრები  ცხოვრობდნენ რუსეთში, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბულგარეთში. ამიტომ ყველა მონაწილე ქვეყნის კოორდინირებულად მოქმედებისთვის  საქმეში აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო ორგანიზაციები - ევროჯასტი და ევროპოლი, რომელთა ეგიდით არაერთი შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა ჰააგაში.

 

აშშ-ს, საქართველოს, სხვა მონაწილე ქვეყნების, ევროჯასტის და ევროპოლის  თანამშრომლობის შედეგად, გამოვლენილი იქნა უპრეცედენტო ძალისხმევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მტკიცებულებების ურთიერთგაზიარება და სხვადასხვა ქვეყნებში დანაშაულებრივი ქსელის წევრების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

 

2019 წლის 8 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა საქართველოს ორი მოქალაქე, კერძოდ გოზნიმის დანაშაულებრივი ქსელის ერთ-ერთი ლიდერი ა.კ. (იგივე  „none_1“), და მისი მთავარი ტექნიკური ასისტენტი მ.კ. (იგივე „phant0m“).

 

იმავე დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ორივე მოქალაქეს წარუდგინა ბრალდება ამერიკული კომპანიების მიმართ ჩადენილი  დანაშაულებისთვის, კერძოდ: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შენახვა, კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით;  ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

 

„გოზნიმის“ ბულგარელი წევრის მიმართ, რომელიც ექსტრადირებულ იქნა აშშ-ში, სისხლისსამართლებრივი დევნა  განახორციელა პენსილვანიის შტატის დასავლეთ ოლქის პროკურატურამ.

 

ამ თემასთან დაკავშირებით, პენსილვანიის დასავლეთ ოლქის პროკურატურამ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ პიტსბურგში მიმდინარე ხანგრძლივი სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად, „გოზნიმის“ ბულგარელი წევრი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მას დაენიშნა სასჯელი.

 

2019 წლის 11 დეკემბერს  დასრულდა საქმის სასამართლო განხილვა საქართველოშიც.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ა.კ. (იგივე  „none_1“) და  მ.კ.( იგივე „phant0m“) დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდების ყველა პუნქტში.

 

ა.კ.-ს (იგივე „phant0m“)  მიესაჯა 7  წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო   მ.კ.-ს (იგივე  „none_1“), გამოძიებასთან მისი თანამშრომლობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად.

 

აღნიშნული საქმე იყო საუკეთესო გამოცდილება და მნიშვნელოვანი გამოწვევა, ასევე იმისა დადასტურება,  რომ  ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა მადლობას უხდის პენსილვანიის შტატის დასავლეთ ოლქის პროკურატურა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს პიტსბურგის ოფისს, აშშ იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისს,  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თბილისში, ევროჯასტს, ევროპოლს და საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილე ყველა ქვეყანას თანამშრომლობისთვის, რომლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner