„მომავალი წლის სამოქმედო გეგმას ერთი რომელიმე პრიორიტეტის გამოყოფით თუ განვსაზღვრავთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება პროაქტიული დასაქმების პოლიტიკა - დასაქმება და ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ იმ მიზნით, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესია დასაქმების მიმართულებით. მისი თქმით, 2018 წელს პირველად გადააჭარბა დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვმა თვითდასაქმებულთა მაჩვენებელს, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე დაფიქსირდა.
„ყველა საინვესტიციო პროექტში მთავარ აქცენტს ვაკეთებთ დასაქმების ვალდებულებებზე. ყველა პროექტის წარმატებას ახალი სამუშაო ადგილების მაჩვენებლით ვსაზღვრავთ. განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების განვითარებას, რაც ბევრი მზარდი ინდუსტრიის წინაშე მდგარ გამოწვევას პასუხობს, მათ შორისაა, ტექსტილი, ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი და მედიცინა და სხვ.
ჩვენი სტრატეგიული მიზანია, შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ერთიან ევროპულ სივრცეში, რათა ისინი დაეუფლონ ყველა სიკეთეს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღება თუ ღირსეული დასაქმება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.