წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო კრების შედეგები აჩვენებს, რამდენად კანონიკური იქნება, რასაც ისინი მიიღებენ.
„საქართველოს ეკლესიისთვის ბევრი საჭირბოროტო საკითხი ვერ იქნა გადაწყვეტილი, რის გამოც წმინდა სინოდმა თავი შეიკავა წასვლისგან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დიპტიხის საკითხი. საქართველოს ეკლესიას ბერძნული დიპტიხის მიხედვით თავისი ადგილი არ უკავია. ამას კრებამ გვერდი აუარა. მნიშვნელოვანი იყო საეკლესიო კალენდრის საკითხი, ამასაც აუარეს გვერდი. ქორწინების საკითხი საქართველოს ეკლესიამ აქტიურად დასვა და კრებამ ამასაც გვერდი აუარა. ჩავთვალეთ სწორად, რომ თავი შევიკავოთ წასვლისაგან.
თუ კრეტაზე გასამართ მსოფლიო კრებაზე სხვა ეკლესიებიც არ წავლენ, კრება მაინც ჩატარდება.
თუ ის დოკუმენტები, რომელსაც კრება მიიღებს, იქნება მისაღები, ჩვენ მათ მივიღებთ. კრების შედეგები აჩვენებს, რამდენად კანონიკური იქნება, რასაც ისინი მიიღებენ. გადავხედავთ, შემდეგ თუ გაითავისებს მსოფლიო ეკლესია, ის იქნება კანონიერი. თუ ვერ გაითავისა მრევლმა, ის შესასრულებლად სავალდებულო აღარ იქნება", - განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.