ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის მიერ მომზადებულ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ცვლილებების მიხედვით, უფასო სარეკლამო დროით სარგებლობა შეეძლებათ კოალიციიდან გასულ პარტიებსაც. ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არის პოლიტიკური დისკრიმინაცია და საკანონმდებლო აქტის მიღებისთანავე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„უსამართლობაა რესპუბლიკური პარტიის ქმედება. ბოლო არჩევნებში უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის მოპოვებული უფლება, რომელიც ჩვენ საზოგადოებამ მოგვანიჭა, გვერთმევა „რესპუბლიკელების" მხარდაჭერით. თუკი 1 საათში უნდა გვესარგებლა უფასო სარეკლამო დროით 1 წუთი, შეგვიმცირეს 24 წამამდე, რომელიც არის პოლიტიკური დისკრიმინაცია. ეს უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. იმ წუთიდან, როგორც კი შევა საკანონმდებლო აქტი ძალაში, მივმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სარჩელით. სამართლებლივად და პოლიტიკურად ვიბრძოლებთ",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.